1. ხანძარი ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 აგვისტოსთვის, ბორჯომში, ხანძრის კერების 90% ლიკვიდირებულია, ხოლო დანარჩენ 10%-ზე კი ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
2. დუგინას აფეთქება
20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.
დუგინის შვილის აფეთქებას გამოეხმაურა ქართული პუტინისტური ჯგუფების წარმომადგენელი:
“ომის უდანაშაულო მსხვერპლი“. – ასე გამოეხმაურა პაპი ფრანცისკე ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობას. პაპის კომენტარის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში წმინდა საყდრის ნუნციუსი დაიბარეს.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, დუგინას მკვლელობის საქმე გახსნეს და მათი თქმით, მანქანის აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინული სპეცსამსახურების მიერ, შემსრულებელი კი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი იყო, რომელიც რუსეთში თითქოსდა 23 ივლისს ჩავიდა და სახლს დუგინას კორპუსში ქირაობდა.
ФСБ-ს ვერსიის შემდეგ, ილია პონომარიოვი კვლავ ამბობდა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთში მოქმედი პარტიზანული ჯგუფი, ეროვნული რესპუბლიკური არმიაა.
უკრაინული მხარე დუგინას აფეთქებაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ დარია დუგინას მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ არის ჩადენილი.
3. ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყველა ბლოკი ქსელიდან გაითიშა, დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები
22 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს თერმულ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
25 აგვისტოსთვის კი ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. დღეს, 26 აგვისტოსთვის კი უკრაინამ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ორი რეაქტორის ჩართვა დაიწყო
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.
ევროკავშირმა და 40-ზე მეტმა ქვეყანამ რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.
4. ოცნების სარჩელის გამო კომისიამ მთავარი არხი დააჯარიმა, ფორმულა და TV პირველი კი გააფრთხილა
23 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების საჩივრის საფუძველზე მთავარი არხი 118 688.67 ლარით დააჯარიმა, ხოლო ტელეკომპანია ფორმულა და TV პირველი წერილობით გააფრთხილა.
ქართულმა ოცნებამ შინ ევროპისკენ კამპანიის ვიდეორგოლის გაშვებისთვის მთავარ არხს, ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების კომისიაში 9 აგვისტოს უჩივლა და არხებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვა. ქართული ოცნების საჩივრის მიხედვით, სამ არხზე 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.
სადავო ვიდეორგოლი სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული კამპანიის – შინ ევროპისკენ ფარგლებშია მომზადებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ისმენენ ოჯახის წევრები ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს, ვიდეოს ბოლოს კი 24 ივნისს გამართული აქციის ანონსი ჩნდება.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი და აღნიშნა, რომ “მთავრობის კრიტიკის თავისუფლება ჯანსაღი დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია”.
5. #IndependenceInMyHeart – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მსვლელობა თბილისშიც გაიმართა
24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 24 ქვეყნის 51 ქალაქში უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერების მსვლელობა გაიმართა. საერთაშორისო კამპანიას, სახელწოდებით #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) თბილისიც შეუერთდა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: Ukrainian Activists In Georgia, ევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, შეცვალე, სირცხვილია, დემოკრატიის მცველები, ახალგაზრდული ნაციონალური მოძრაობა, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, უკრაინელები საქართველოში, Ukrainian Youth Organization of Georgia “Svitanok”, ჯიუტი GEUT, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ელენე ხოშტარია.
ტაბულა