ვუბრუნდები ჩემს 2011 წლამდე ცხოვრების წესს, მისია შესრულებულია- ივანიშვილი

ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ტოვებს როგორც პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება

დღეს, 11 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ივანიშვილმა დაწერა, რომ თავისი მისია შეასრულა.

“დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.

ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას“. – თქვა მან.

ფორმულა რამდენიმე დღეა, საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის დატოვებას გეგმავს. ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

ამასთან, ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქონების მნიშვნვნელოვანი ნაწილი ფონდი ქართუს ანგარიშზე გადაიტანა. ლაპარაკია მილიონობით ლარის ქონებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share