გია ხუხაშვილის განცხადებით, წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა და სადაც წასვლასთან დაკავშირებით წერს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. მისი თქმით, წასვლას საქმით დადასტურება სჭირდება, ვინაიდან „ყალბი მეორედ მოსვლა ბევრჯერ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში“.
„ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა ამას, არ გვინდა. ამიტომ, მისი წასვლის შესახებ დადასტურება რეალურ ქმედებებში უნდა მივიღოთ. ის, რომ მისთვის გამარჯვება და პოლიტიკიდან გამარჯვებულად გასვლის იმიტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გასაგებია. მისი არგუმენტები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა არის, გამარჯვებაზე სრულიადაც არ მეტყველებს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, ვითარება დეგრადირებულია და წინსვლა კი არ არის, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში.
აქედან გამომდინარე საუბარი გამარჯვებაზე ძნელია, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას.- განაცხადა გია ხუხაშვილმა.