საქართველოში ზეთი იაფდება. როგორც „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მათი კომპანიის შემთხვევაში, ჯერჯერობით, კლება 5-6%-იანი იქნება. თუმცა, დიმიტრი რამიშვილის თქმით, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან გარდა იმისა, რომ სექტემბრიდან, რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ამცირებს, ოქტომბრიდან სხვა ბიუროკრატიული პროცედურები უქმდება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საუბარია, საექსპორტო გადასახადის საერთოდ გაუქმებაზეც.
ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბრიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს თითქმის, 2-ჯერ, 15,987 რუბლიდან 8 621 რუბლამდე ამცირებს.
„რუსეთში საექსპორტო გადასახადის შემცირება თავისთავად აისახება ჩვენთან ფასებზეც. ჩემი კომპანიის შემთხვევაში, საშუალოდ, 5-6%-ით შემცირდება. თუმცა, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჯერ ერთი, ახალი მოსავლი იქნება, გარდა ამისა, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები (ლიცენზიები და ა.შ) ოქტომბრიდან აღარ იქნება. ამასთანავე, საუბარია იმაზეც, რომ ექსპორტის გადასახადი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს“,- განაცხადა დიმიტრი რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მზესუმზირის ზეთის მცურავი საექსპორტო გადასახადის მექანიზმი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებს.