კიევი არ ასაჯაროებს დეტალებს და არც რუკებს აქვეყნებს სამხრეთის ფრონტის ხაზიდან, სადაც უკრაინულმა არმიამ კონტრშეტევა 29 აგვისტოს წამოიწყო. ხერსონის ოლქიდან გავრცელებული ინფორმაცია ბრძოლის გაგრძელებაზე მიუთითებს. კიევი ყირიმის “აქტიური დეოკუპაციის” დაწყებაზე მიანიშნებს.
ერთი მხრივ, კიევი აფრთხილებს ყველას, რომ ზედმეტი ხმაური დამაზიანებელია, თვალის დახამხამებაში არაფერი მოხდება და უკრაინელი სამხედროები ნელი, სიცოცხლის დამზოგველი სვლით დაიბრუნებენ ოკუპირებულ ხერსონს; ხოლო მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვენლის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმელების ევაკუაციის აუცილებლობაზე აკეთებს განცხადებას.
30 აგვისტოს, დღის მიწურულს, მიხალო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინა ყირიმის „აქტიური დეოკუპაციისთვის“ ემზადება და სამხედრო ხელმძღვანელობა ყირიმელებისთვის ევაკუაციის გეგმის მარშრუტებს ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი მოინდომებენ „ნახევარკუნძულის დატოვებას აქტიური დეოკუპაციის დროისთვის“.
„უკრაინისთვის მოქალაქეების სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია“, – წერს უკრაინის პრეზდენტის ოფისის წარმომადგენელი და ყირიმელებს აფრთხილებს მოერიდონ სამხედრო ობიექტებსა და მოიძიონ სამალავები.
რას ნიშნავს „აქტიური დეოკუპაცია“, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ უკრაინა ყირიმის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყებას აპირებს . 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის დაბრუნების სურვილი კიევს არასოდეს დაუმალავს.
უკრაინულ სოციალურ ქსელებში პოპულარულია ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის – ყირიმის ხიდის (ქერჩის ხიდის) აფეთქების იდეა. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, ეს საკმაოდ ძნელი შესასრულებელი ამოცანაა და ხიდის ძალიან მყარი კონსტრუქციის სრულად დანგრევა თითქმის შეუძლებელია. თუმცა როგორც უკრაინელი ანალიტიკოსი და ბლოგერი და ახლა უკრაინის არმიის ოფიცერი – ტარას ბერეზოვეცი აღნიშნავს – ხიდის მწყობრიდან გამოყვანის რეალური გეგმა არსებობს და ის აუცილებლად განხორციელდება.
მანამდე, ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიხაილო პოდოლიაკი აფრთხილებდა ყველას, რომ 29 აგვისტოს დაწყებული კონტრშეტევის შესახებ სენსაციური ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ და მხოლოდ ოფიციალურ ცნობებს დალოდებოდნენ.
„გასაგებია ჩვენი სურვილები და ოცნებები, მაგრამ მაინც გთავაზობთ, რომ ვიხელმძღვანელოთ კომენტარების ფრთხილი ფორმატით, ნებისმიერი ჩვენი საბრძოლო ქმედების შესახებ. კიდევ ერთხელ შევახენებ ყველა პოლიტიკოსს, ექსპერტსა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, რომ მნიშვნელოვანია, არ იყოს ინფორმაციის მანიპულირება და სპეკულირება საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობისას, ვიდრე ამის შესახებ არ განაცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო. კიდევ ერთხელ – ოფიციალურ განცხადებებამდე არ გვინდა სუპერსენსაციური განცხადებები“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა და გააფრთხილა მედიაც, რომ მხოლოდ სანდო წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციას დაეყრდნოს.
უზარმაზარი ინტერესის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროს კონტრშეტევითი მოქმედებების მიმდინარეობისა და გეოგრაფიის შესახებ კონკრეტული ცნობებს არ ავრცელებს. თუმცა ხერსონიდან მოდის ამბები აფეთქებების, სროლისა და ანტონოვკის ხიდის ხელახალი დაბომბვის შესახებ. გავრცელებული ვიდეომასალის ნამდვილობა ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
უკრაინულ ტელეარხის ეთერში ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღცანელმა იანუშევიჩმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ქირურგიული დარტყმებით“ უკვე „გადაჭრეს“ რუსეთის არმიის ყირიმიდან მომარაგების არხები.
ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომარმა სერგეი ხლანმა კი იუთუბარხ „Politeka Online“-ის ეთერში განაცხადა, რომ „ხერსონის ოლქში ძალიან ცხელი ღამე იყო“ და მიღებული ცნობები ადასტურებს, რომ „არ არის ტემპის ვარდნა და მიმდინარეობს მძლავრი შეტევითი მოძრაობა“. ხლანი აცხადებს, რომ რუსეთის 25-ათასიანი საარმიო შენაერთი უკვე პრაქტიკულად მოწყვეტილია გარემოს და დახმარების მიღების შესაძლებლობა აღარ აქვს.
თუკი რუსი სამხედროები მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე სრულად მოწყდებიან ლოგისტიკურ არხებს, ექსპერტების თქმით, მათი რჩევანი ძალიან მწირი ხდება – ტყვედ ჩაბარება, გაქცევა ან დაღუპვა.
ახალი კახოვკის ჰესის, დარიევსკის ხიდის, სარკინიგზო ხიდის (იგივე ანტონოვკის მეორე ხიდი) აფეთქება და საბორბე გადასასვლელების მასზე გამავალ რუსეთის ტექნიკასთან ერთად განადგურება ჯერ კიდევ 29 აგვისტოს, დღის შეჯამების დროს დაადასტურა უკრანის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაიფის“ ეთერში. მან უკრაინული არმიის შეტევას „სიმპატიური“ უწოდა და ისიც თქვა, რომ ეს შეტევა არ იქნება ელვის სისწრაფის პროგრესი და რომ უკრაინა ხერსონის დაბრუნებას მიზანმიმართულად, დიდი დანაკარგების გარეშე, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში შეძლებს.
“სუსტი ადგილები” და “მთავარი დარტყმა”
არესტოვიჩმა, 30 აგვისტოს, თავის ტელეგრამარხზეც დაწერა, რომ მოთმინებაა საჭირო და ის რაც, შესაძლოა, არასამხედრო პირებისთვის „დამუხრუჭებად“ გამოიყურება, შესაძლოა დიდი სამხედრო გეგმის ნაწილი იყოს და უფრო დიდ მიზანს ემსახურებოდეს.
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, ოლეგ ჟდანოვი იუწყება, რომ მთელ ფრონტის ხაზზე დაწყებული შეტევით უკრაინული არმია „მოწინააღმდეგის სუსტი ადგილების ძიებას“ ცდილობს და „მთავარი დარტყმა“ შესაძლოა დამაბნეველი მეორე ხარისხოვანი დარტყმების მიღმა იმალებოდეს.
უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ კონტრშეტევა სპონტანური არ ყოფილა და ამისათვის უკრაინა ემზადება უკვე დიდი ხანია – მას შემდეგ, რაც ამერიკული HIMARS-ების საშუალებით დაიწყო რუსეთის არმიის საწყობებისა თუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმატებით განადგურება ბოლო კვირებში.
კონტრშეტევის წამოწყებას უკრაინელები ივლისის შუა რიცხვებიდან ელოდებიან, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის გეგმის შემუშავება და მოქმედება უბრძანა.
რუსეთი თვალს ხუჭავს?
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის თავდასხმის დაწყება, მაგრამ ამტკიცებს, რომ ის წარუმატებელი აღმოჩნდა და უკრაინელენმა 1200 სამხედრო დაკარგეს. ამ ცნობის გადამოწმება შეუძლებელია.
რუსეთი უკრაინის არმიის შეტევას ნიკოლაევსა და ხარკოვში მშიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით პასუხობს. ოფიციალური წყაროები იტყობინებიან სულ ცოტა 30 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
ზოგადად კი, რუსეთის ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ უკრაინული არმია ხერსონის მისადგომებთან შეტევაზე გადავიდა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მოსკოვის ასეთი დამოკიდებულება მიანიშნებს სწრაფვაზე, რომ შეინარჩუნოს „დიდი სამხედრო წარმატებების“ იერი.
პარალელურად, მედიამ აღმოაჩინა, რომ რუსეთის მიერ დანიშნულმა „ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა“ დატოვა ხერსონი და ადგილობრივებს ვორონეჟიდან ამხნევებს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მისი ვიდეომიმართვების ფონი იმ ადგილის კარგად ამოცნობის საშუალებას იძლევა, სადაც ამჟამად იმყოფება კირილ სტრემოუსოვი. „უნიანი“ მას „დროებით ცოცხალს“ უწოდებს. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი გაკეთებულია სასტუმრო Mariott-ში, სადაც ერთი ღამის ღირებულება 6300 რუბლს, 103 დოლარს უტოლდება.
რას აპირებს უკრაინა?
როგორც კიევი აცხადებს, უკრაინა აპირებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ როგორც 2014 წელს, ასევე 2022 წელს ოკუპირებული ტერიტორიები და ხერსონის ოლქის მიმართულებით დაწყებული კონტრშეტევაც ამ გეგმის ნაწილია.
„[უკრაინელი ჯარისკავების] მთავარი მიზანია – გავყაროთ რუსები უკრაინიდან, წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის ურდოს, გავიმარჯვოთ რუს დამპყრობლებზე“, – წერია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 29 აგვისტოს, თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ, თუკი გადარჩენა უნდა, რუსეთის არმია შინ უნდა წავიდეს.
ზელენსკი იქვე აღნიშნავს, რომ კონკრეტული გეგმები მტკიცედ გასაიდუმლოებული დარჩება:
„ვინმეს უნდა, რომ გაიგოს, რა გეგმები გვაქვს? თქვენ ვერ მოისმენთ კონკრეტიკას ვერცერთი ნამდვილად პასუხისმგებელი ადამიანისგან. რადგან ეს ომია. მაგრამ ოკუპანტებმა ხომ უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ გავრეკავთ საზღვრებამდე, ჩვენს საზღვრებამდე, რომლის ხაზებიც არ შეცლილა“.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და გააჩაღა სასტიკი ომი, რომელსაც დღემდე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
რადიო თავისუფლება