ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქემ ქუთაისში რუსეთის დროშა დაკიდა.
მდინარაძე მომხდარს “ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის” პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ამას საზოგადოება არ უნდა წამოეგოს.
“მოდი, ერთ რამეზე დაფიქრდით ყველა, საზოგადოებაც და თქვენც, ჩემო ძვირფასო ჟურნალისტებო, ვის აწყობს ასეთი მოქმედებები და აქედან გამოვიდეთ. ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს – ნაცმოძრაობას და მთლიანად მის კლასტერს და ისინი და მათი ტელევიზიები აგებენ ხოლმე ამაზე შემდეგ პიარს.
გაურკვეველი ადამიანი დარბის, ხან მანქანაზე აკრავს ამ რაღაც დროშებს, ხან პარკში შევარდა, იქ გააკრა და მერე ჩამოუხსნეს. მერე 5 წუთი სადღაც დროშა გამოჩნდება, მაინც და მაინც იმ 5 წუთში თქვენი ტელევიზიები და ვიღაც სააგენტოები ჩნდებიან, იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს და შემდეგ ხდება უბედურება. ეს აწყობს მხოლოდ ნაცმოძრაობას. ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემა და ყველას ვაფრთხილებ და ვთხოვ, ასეთ პროვოკაციებზე ნუ წამოეგებიან. ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ნაცებისა და რუსების წისქვილზე დაასხამენ წყალს და ხალხი ამაზე არ უნდა წამოეგოს”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გავრცელდა. მომხდარს გამოეხმაურა ქუთაისის მერია. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელმაც ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული დროშა დაკიდა, უკვე იდენტიფიცირებულია და მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.