პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელჩ კელი დეგნანისადმი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ოთხეულის წერილებსა და კითხვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ “კრიტიკული კითხვების დასმა და პოლემიკის გავრცობა არ არის საჭირო”.
მან განცხადებაში კელი დეგნანი შეაქო და აშშ-ზე თქვა, რომ “ყველაზე ძლიერი და მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფოა”.
ღარიბაშვილის განცხადება:
“ყურადღებით გავეცანი მათ ამ კრიტიკულ კითხვებს, მათ წერილებს, ერთი მინდა ვთქვა: ჩვენთვის, ყველასთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს და ყოველთვის ექნება გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ, მინდა შევახსენო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ვავითარებთ სტაბილურად ჩვენს ქვეყანას, მე როგორც პრემიერმინისტრი და ჩვენი მთავრობა და ჩვენი მმართველი გუნდი ვართ ვალდებული და პასუხისმგებელი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა, ისეთების, როგორიცაა აშშ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები და საერთოდ მე მინდა თქვა, რომ ჩვენი პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფო და ძალიან ძლიერი ხალხი პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს. ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის როლი არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან, ეს არის ჩვენი მთავარი გეზი.
ასევე მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე, პოლემიკაც მოვისმინე. ზოგადად მე მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი გავრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, მხოლოდ კრიტიკა და ეს კრიტიკული კითხვების დასმა მე ვფიქრობ არ არის საკმარისი და არ არის საჭირო. უფრო მეტიც, მინდა შევახსენო ყველას, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით.
მათ შორის მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში ამერიკას, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში და ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ელჩი, ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ელჩსაც და ამერიკის ყველა წარმომადგენელს, გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა, აქვე მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იგი იცით, რომ ჩართული არის აქტიურად ყველა იმ პროექტის და პროგრამის განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ. ამიტომ ჩემი, როგორც პრემიერმინისტრის ამოცანა და სურვილი არის, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. მე არ ვარ წინააღმდეგი, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ასეთი პოლემიკის გავრცობა და გადაჭარბება არ იქნება საინტერესო და არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის.
დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არის ოკუპირებული, 20% არის ოკუპირებული ჩვენი ძირძველი ტერიტორიების. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი.
მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება და უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სანდო პარტნიორთან ურთიერთობებს”.
ქართულ ოცნებას პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი გამოეყვნენ. ისინი ანტიამერიკულ და ანტიევროპულ გზავნილებს ავრცელებენ. მათი თქმით, პარტიიდან იმის გამო წავიდნენ, რომ “სიმართლე ილაპარაკონ”.