ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო.

კუნძული ულტრათანამედროვე, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

დღეს, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაც გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა პრემიერ მინისტრიც.

“ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროქტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, “ამბასადორი ჯგუფის” ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო “ამბასადორი ჯგუფს”, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე, რომ მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე.

მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარელებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება.

დღეს ჩვენს ქვყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ფინანსდება. “ამბასადორი ჯგუფი” პროექტის პირველ ფაზაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share