ავტობანის დაუსრულებელი პროექტი – საცობებით შეწუხებული ხალხი “ოცნების” დაპირებების მოლოდინში.
ქობულეთი-შეკვეთილი-სუფსის მონაკვეთზე, დაუსრულებელ ავტობანს ახლა ერთადერთი ფუნქცია აქვს – ამ ხიდზე მანქანა ვერ გაივლის, თუმცა ძლიერ სიცხეში ხიდის ქვეშ საქონელი ისვენებს.
მრავალმილიონიანი პროექტი შეჩერებულია.
თურქულმა კომპანიამ, რომელსაც ხელისუფლებამ დიდი ფული ანდო, პირობა არ შეასრულა, ფული დახარჯა, მაგრამ საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ისევ არ არის დაგებული.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სარფიდან წითელ ხიდამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას ხალხს 2020 წლის ბოლომდე ჰპირდებოდა. თუმცა პირობა დაირღვა.
გაზეთმა „ბათუმელებმა“ ინფასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა სადაც დაადასტურეს, რომ ავტობანის ზოგიერთი ნაწილი დაუპროექტებელია.
„ბათუმელების“ მონაცემებით სარფიდან რიკოთამდე ავტობანის მშენებლობისთვის 4 მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. აქედან 4 მილიარდ 128 მილიონი ლარი დონორების ფულია.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ საქმე მასშტაბურ კორუფციასთან გვაქვს. საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ფრაგმენტულად გახსნილი ავტობანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და გახშირებული ავარიების მიზეზია.
2020 წლისთვის დასამთავრებელი და ჩავარდნილი პროექტის დასრულებას ხელისუფლება ამჯერად 2023 წლისთვის ჰპირდება ხალხს. თუმცა ვადები სავარაუდოდ, კიდევ გადაიწევს.
ტვ პირველი