“პუტინი არაა მზად, დაასრულოს ეს ომი”

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი, რუსულ ოპოზიციურ მედია დოჟდისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დღეს არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს.

კირბის თქმით, უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის სურვილით გრძელდება, პუტინს სურს განაგრძოს უკრაინელების ხოცვა, შეიყვანოს სამხედროები უფრო შორს უკრაინის ტერიტორიაზე.

კირბის აზრით, ეს არის ომი არა დასავლეთის ან შეერთებული შტატების, არამედ უკრაინის წინააღმდეგ და პუტინი ამ ომის გრძელებისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ახალ სამხედროებს რიცხავს და ყიდულობს დრონებს ირანისგან, რასაც არ გააკეთებდა ომის დასრულება რომ სურდეს.

„ეს არაა ომი დასავლეთთან, ეს არაა ომი შეერთებულ შტატებთან, არაა ომი NATO-სთან. პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვაკვირდებით, არ გვაძლევს რამენაირ იმედს, რომ ის მზადაა დაასრულოს ეს ომი, დაასრულოს მშვიდობიანი უკრაინელების მოკვლა. ეს ის ომია, რომელიც რუსეთმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო.

ეს კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით არის გაჭიანურებული, რომ განაგრძოს ის, განაგრძოს უკრაინელების მკვლელობა, განაგრძოს სამხედროების უკრაინაში უფრო შორს შეყვანა, კვლავ სცადოს დონბასის ტერიტორიების დაპყრობა, მის აღმოსავლეთსა და სამხრეთშიც. ჩვენ ახლახან ვნახეთ იმის დასტური, რომ რუსეთი მზადაა მიიღოს უკიდურესი ზომები რათა ჩარიცხოს და შეინარჩუნოს სამხედროები. ისინი ამას არ გააკეთებდნენ ომის გაგრძელების ინტერესი რომ არ ჰქონდეთ. ჩვენ ვხედავთ სამხილებს, რომ ისინი ყიდულობენ ირანულ დრონებს და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება. მას დღესვე შეუძლია ომი დაასრულოს თუ უბრალოდ დასთანხმდება ჯარების გაყვანას და ამ კონფლიქტის დასრულების მიზნით ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას დათანხმდება“ – განაცხადა ჯონ კირბიმ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share