რუსული დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემი ბათუმში – მას, სავარაუდოდ, რუსული სანქცირებული ტვირთი გადააქვს და ჩვენს ქვეყანაში, წინა შემთხვეევბის მსგავსად, ტვირთის წარმომავლობის შეცვლასა და საბუთების გაყალბებას ცდილობენ. ამასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ ანტიკორუფციულ მოძრობაში.
სავარაუდოდ, საუბარია რუსულ ტანკერზე, “PLANEO-ზე”, რომელიც 2 საათზე მეტია იმყოფება პორტში. როგორ შემოვიდა ის საქართველოს აკვატორიაში უცნობია.
თუმცა გემის ოფიციალური აღწერის მიხედვით, გემი ნამდვილად რუსულია და ის საქართველოს კონტროლირებად წყლებში, სავარაუდოდ, კვიპროსიდან შემოვიდა. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ მას დიდი ალბათობით ნავთობი გადააქვს და ის კომპანია “ტერომ” შემოიყვანა. ცნობილია, რომ “PLANEO-ს” ძირითადი პორტია სანკტ-პეტერბურგი და ძირითადად მარშუტებს კვიპროსიდან ასრულებს.
ანტიკორუფციულ მოძრობაში ამბობენ, რომ საქმე უნდა ეხებოდეს სქემას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მას შემდეგ იყენებს, რაც უკრაინაში ომის შემდეგ რუსულ ტვირთებს სანქციები დაედო. მათი თქმით, იკვეთება ხელისუფლების ინტერესები, ვინაიდან შეუძლებელია ტანკერი საქართველოს კონტროლირებად წყლებში ისე შემოდიოდეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ.
“ხელისუფლებამ ყოველდღიურობად აქცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული ტვირთის შემოსვლა. ამჯერად ბათუმის პორტში შემოსულია რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, სადაც განთავსებულია სანქცირებული ნავთობი. დიდი ალბათობით, მოხდება საქნცირებლ ნავთობზე სერტიფიკატის გაყალბება და უკვე აღნიშნული ტვირთი ექსპორტზე გავა, როგორც არასანქცირებული ტვირთი ამით გასქელდება ბიძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის ჯიბეები” ,- ამბობს ლაშა ხოზრევანიძე.
აღსანიშნავია, რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი საქართველოში 3 კვირის წინაც შემოვიდა და მაშინაც ამ ყველაფრის უკან იდგა კომპანია “ტერო”.