უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცები რუსულ ენაზე მოსაუბრე ქალს შეურაცხყოფას აყენებენ.
პატარაია წერს, რომ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.
“სპეციალურად არ ვაზიარებ ვიდეოს, სადაც არასრულწლოვანი ბიჭები რუსულად მოლაპარაკე ახალგაზრდა ქალს ქუჩაში ავიწროებენ, ტრაკზე ხელს ურტყამენ და აშინებენ. ფბ საზოგადოება წარმოუდგენლად გაბრაზდა, ეგრევე ცემით და მოკვლით დაემუქრნენ “ბულერ” ბიჭებს, სად გაიზარდნენო?!
სად გაიზარდნენ და აქ, ამ ქვეყანაში, სადაც ქათმებივით კლავენ ცოლებს კაცები; აქ, სადაც უცხო ქალის შუა ქუჩაში დამცირება არ მოსულა, მაგრამ საკუთარ სახლში თუ გყავს ქალი, უარესსაც უშვები. იმას აკეთებენ ბიჭები, რასაც უყურებენ. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ უნახავთ ქალის შეურაცხყოფა. უბრალოდ, ჯერ ის ვერ ისწავლეს, რომ ღიად და ქუჩაში არ ღირ ამის კეთება, თორემ ცოლს რაც გინდა, ის უქენი სახლში – არავინ ხმის ამომღები არ არის.
ოჯახში მოძალადეებსაც რომ ასე თათხავდეთ და არცხვენდეთ, სულ სხვა სამყაროში ვიქნებოდით, მაგრამ ოჯახის საქმეში არავინ ერევა. რამდენი ქალი და კაცი შებრუნებულა, როცა ქუჩაში მოძალადე კაცს უთქვამს – “ჩემი ცოლია, ძმაო!”
ქალი რომ სექსობიექტია და დაბალი ავტონომიის მქონე არსებაა და არა ადამიანი, ამას თითქმის ყველგან ხედავს დღეს ბავშვი საქართველოში. ამ ქვეყნის პარლამენტის სპიკერი არ იყო, პარლამენტარ ქალს რომ ეცა სრულიად უმიზეზოდ, უხერხულად ჩაავლო ხელი და გადაათრია ძალით? ომბუდსმენმა სექსუალურ შევიწროებად შეაფასა ეს ქცევა, პარლამენტის გენდერულმა საბჭომ კი თავი გამოიშტერა და გააპრავა ის. ეს არ იყო არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა სექსუალური შევიწროებისა პარლამენტში.
აღშფოთდით, დაგმეთ, ოღონდ არასრულწლოვნებსაც გასცდით და თქვენი მეზობელი და ამხანაგი კაცებიც დაგმეთ, რომლებიც სახლში ძალადობენ საკუთარ ცოლებზე ყოველ დღე და თქვენ პატრულშიც კი არ რეკავთ შეშინებულები თუ გულგრილები.
ის უპრეცედენტო ძალადობის მასშტაბი, რასაც ქალები საქართველოში განიცდიან, და თანხმლები საზოგადოების გულგრილობა, სწორედ ასეთ ქცევას წარმოშობს თინეიჯერებში. და ნუ გაგიკვირდებათ, სად ისწავლეს ეს ქცევა? ყველგან ამას ხედავენ!
პ.ს. შსს-ს უკვე შევატყობინეთ და იმედია ამათ ვინმე დაუჯდება და სერიოზულად აუხსნის, რატომ არ შეიძლება ასეთი ქცევა არც გარეთ და არც შინ.
პ.პ.ს. ეს ქალი თუ მოგვმართავს, მზად ვართ ჩვენი სერვისები შევთავაზოთ.”,- წერს ბაია პატარაია.