ენმ-ის წევრმა, ენზელ მკოიანის ძმამ, არტურ მკოიანმა საპატიმრო დატოვა.
გათავისუფლების შემდეგ ის ამბობს, რომ ახალქალაქის პოლიციის უფროსის, შალვა ლომსაძის პირადი პატიმარი იყო, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენელია.
ის ადმინისტრაციული წესით, 11 დღით იყო დაკავებული, ამასთან, გრძელდება სისხლის სამართლის წესით გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით.
არტურ მკოიანი 24 აგვისტოს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.
ოჯახის წევრების განცხადებით, მათ იარაღი არ ჰქონდათ, დაკავების მოტივი კი პოლიტიკურია, ვინაიდან არტურ მკოიანი ოპოზიციონერია.
დაკავებული ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ენძელ მკოიანის ძმაა. არტურ მკოიანი 2018 წელს თავადაც იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
დაკავებულის ცოლის თქმით, ახლა ოპოზიციაში მყოფი არტურ მკოიანის დაკავებას სათავეში ახალქალაქის პოლიციის უფროსი, შალვა ლომსაძე უდგას.
ნინა მკოიანი ლომსაძეს ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაშიც ადანაშაულებს. ქალი, რომლის ქმარიც გამთენიისას დააკავეს, ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა, შალვა ლომსაძემ 2021 წელს გაიტაცა და ძალადობა სცადა. საუბრობს სიცოცხლის მოსპობის მუქარაზეც. ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან, როგორც ამბობს, მას ემუქრებოდნენ.
მინა მკოიანმა არტურ მკოიანის დაკავების შემდეგ შალვა ლომსაძის საქმეზე პროკურატურას მიმართა. საქმეზე გამოძიება, არსებული ინფორმაციით, დაწყებული არ არის. შალვა ლომსაძე კი თანამდებობაზე რჩება.