შემოქმედის ეპარქიაში კატეგორიულად გამორიცხავენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს, შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძარში ლიტურგია რუსულ ენაზე შესრულდა.
როგორც შემოქმედის ეპარქიიდან გვაცნობეს, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია, როგორც შემოქმედის ეკლესიის წინამძღოლი იტყობინება, რომელიც ამ წუთისათვის კურორტ ბახმაროშია, ეკლესიაში იმყოფებოდა რუსი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელმაც ეკლესიაში სანთლები დაანთო, მოილოცა და წავიდა.
როგორც ეპარქიის პრესსამსახურში გვითხრეს, არავის არ აქვს უფლება ეპარქიის წინამძღოლის ნებართვის გარეშე, ეპარქიის ტერიტორიაზე ეკლესიებში რიტუალი ჩაატაროს:
“მსგავსი მოთხოვნა არც რუსი ეროვნების სასულიერო პირისაგან არ ყოფილა და მითუმეტეს შემოქმედის ეკლესიის წინამძღოლს, მამა იოსებს, შემოქმედის ეპარქიის წინამძღოლისათვის, მეუფე იოსებისათვის არ მიუმართავს” – აცხადებენ შემოქმედის ეპარქიაში.
ცნობისათვის: დღეს, ოზურგეთში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა რუსი ეროვნების სასულიერო პირებმა შემოქმედის საკათედრო ტაძარში ლიტურგია რუსულ ენაზე ჩაატარეს.
“გურიის მოამბე” შემოქმედის ეპარქიას ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა.