“ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები” – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს.
“რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები სრულიად კახი კალაძის განცხადებას, მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან, რა თქმა უნდა, ქვეყნის მტრები. მათ ამოძრავებთ, რა თქმა უნდა, მტრული მოტივაცია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე. თუმცა ევროპარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები” – თქვა კობახიძემ.
ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინის დეოლიგარქიზაციის კანონს და თქვა, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით, “ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება”.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, ჩვენ ავიღეთ, ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მცირე ადაპტაციით მოხდა ამისი დაკოპირება, და განიხილება ახლა ეს საკითხი სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი, იმიტომ რომ არაფერზე არ არის მორგებული, ქართულ რეალობაზე არ არის მორგებული, არის განყენებულ სივრცეში ჩამოყალიბებული ეს დოკუმენტი… ყველა ოლიგარქი მოხვდება. უკრაინული კანონის მიხედვით ბიძინა ივანშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, – ამბობს კობახიძე.