„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ოპოზიციის მტკიცე ერთობას უკავშირდება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ივანიშვილი არ დაუდგება წინ იმ აგორებულ ტალღას, რომელიც ერთი მხრივ საერთაშორისო საზოგადოებისგან, მეორე მხრივ კი ქართული საზოგადოებისგან მოდის.
„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, ერთი მხრივ, დაკავშირებულია იმასთან, რომ მან დაინახა თუ რა მტკიცეა ოპოზიციური ერთობა და სურს ახლა გაერიდოს პასუხისმგებლობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ის არ დაუდგება ახლა უკვე აგორებულ ტალღას, რომელიც მოდის საერთაშორისო საზოადოებისა და ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, იმიტომ, რომ ვერავინ ვერ გაუძლებს ამ ტალღას. ეს არის სამართლიანობის ტალღა, ქართველი ხალხი ითხოვს თავისი უმთავრესი უფლების აღდგენას, რომ, ვისაც აირჩევს, ის წარმოადგენდეს მას აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ჩვენ ვიმსახურებთ ამას. ეს 30 – წლიანი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იმსახურებს იმას, რომ ვიღაც თაღლითმა, როგორიც არის ივანიშვილი, პოლიტიკურმა შარლატანმა ქართველ ხალხს არ წაართვას ის უფლება, რომლისთვისაც უამრავმა ადამიანმა სიცოცხლე გასწირა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.