39,000 – ეს არის რუსეთის მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ქართულ ბანკებს ანგარიშები გახსნეს.
ქართულ ბანკებს რუსი მომხმარებლების ყველაზე დიდი რიგები აპრილის განმავლობაში ედგათ, როდესაც ანგარიში 10 ათასზე მეტმა რუსმა გახსნა. ივლისში კი საბანკო ანგარიში დამატებით რუსეთის 7 ათასმა მოქალაქემ გახსნა.
თვეების მიხედვით, საბანკო ანგარიშების გახსნის სტატისტიკა ასეთი იყო:
• 24.02.2022 – 24.03.2022 – რუსეთის 7,875 მოქალაქე;
• 24.03.2022 – 01.05.2022 – რუსეთის 10,078 მოქალაქე;
• 01.05.2022 – 31.05.2022 – რუსეთის 6,647 მოქალაქე;
• 01.06.2022 – 30.06.2023 – რუსეთის 7,374 მოქალაქე;
• 01.07.2022 – 31.07.2022 – რუსეთის 6,985 მოქალაქე.
შესაბამისი სტატისტიკა საქართველოს ეროვნული ბანკმა თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაასაჯაროვა.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მოქმედი მოთხოვნამდე დეპოზიტი ამჟამად რუსეთის 34 ათას მოქალაქეს აქვს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსული კომერციული ბანკებიდან ივლისის განმავლობაში საქართველოს ბანკებში 1.6 მილიარდი ლარის მოცულობის შემომავალი ტრანზაქციები განხორციელდა, ხოლო გამავალი ტრანზაქციების ზომა 346 მილიონი ლარი იყო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკა, სავარაუდოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში გრძელვადიანი დროით რუსეთის 35-40 ათასი მოქალაქე დარჩა.
bm.ge