“ქართული ოცნების” ლიდერების, კობახიძისა და ღარიბაშვილის განცხადებები რუსულ მედიაში კიდევ ერთხელ მოხვდა. ამჯერად მოწონება გუშინდელ ბრიფინგზე კობახიძის იმ განცხადებამ დაიმსახურა, რომელიც “მეორე ფრონტის” გახსნაზე ქვეყანაში გამოკითხვის ჩატარებას ეხებოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა რეფერენდუმის შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე – ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა kommersant სტატიას.
gazeta.ru ირაკლი კობახიძეზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა, ჩაატაროს ქვეყნის მასშტაბით რეფერენდუმი, რათა მოქალაქეებს ჰკითხოს, სურთ თუ არა ომი რუსეთის წინააღმდეგ.
რუსული მედია ციტირებს კობახიძის განცხადებას:
“ხალხმა თქვას, სურს თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც ხალხი იტყვის”.
ოკუპანტი ქვეყნის მედია კობახიძის განცხადებებზე დაყრდნობით წერს: “ამგვარად, კობახიძემ მოუწოდა ქართველ ხალხს გამოეხმაურონ უკრაინელი პოლიტიკოსების მოწოდებებს, რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვის აუცილებლობის შესახებ”.
lenta.ru წერს: “კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ უჭერს მხარს მეორე ფრონტის გახსნის იდეას”.
რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ კობახიძემ დაადანაშაულა უკრაინა და ადგილობრივი ოპოზიცია თბილისის სამხედრო კონფლიქტში ჩათრევაში.
აღსანიშნავია, რომ კობახიძესთან ერთად რუსული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებითაც დაინტერესდა:
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის წყალობით, შეძლო კარგი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა”,- წერს gazeta.ru.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული სამთავრობო მედია “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს ტირაჟირებს.