ე.წ. კარტოგრაფების საქმე განახლდა – სხდომაზე დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწე სასულიერო პირს გამოკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრფების საქმის განხილვა დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება. პროცესზე დავით გარეჯის ლავრაში მოღვაწე სასულიერო პირს, მამა ილარიონს გამოკითხავენ.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის თქმით, პროცესებზე იყო შემთხვევები, როცა მისი აზრით, მოწმეებმა “შეკვეთილი ჩვენებები” მისცეს.

“რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი, რომ, რა თქმა უნდა, დასაეჭვებელი კი არა, ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ შეკვეთილი ჩვენება მისცეს. წინა სხდომაზე იყო მოწმე აღაპიშვილი, რომელმაც ისეთი რამე თქვა, რომ ნაკლებად სარწმუნო და დაუჯერებელია, ვითომდა ნატალია მივიდა და რაღაცის გასხვისება სთხოვდა და ასეთი რაღაცა ახსენა. არც მანანა აღაპიშვილს და არც ნატალია ილიჩოვას უბრალოდ არავინ არ ეკითხება და წარმოუდგენელია რამე შესძლებოდათ, რომ გაეკეთებინათ”, – ამბობს ივერი მელაშვილი.

რაც შეეხება ადვოკატს, მისი თქმით, მოწმე მანანა აღაპიშვილს, რომელმაც ნატალია ილიჩოვა დაადანაშაულა არანაირის შეხება არ ჰქონია კომისიის საქმიანობასთან.

“​დანარჩენ წინა პროცესზე და ამჯერადაც არ ამბობს პროკურატურა, წინასწარ რომელ მოწმეს გამოიძახებს თუმცა ეს არანაირი პრობლემა არაა, ჩვენ ყველა მოწმის დასაკითხად ვართ მზად მოვისმინეთ რამდენიმე ტყუილი წინა პროცესზე, რომელიც აქამდე მოწმეს არ გაუჟღერებია. ქალბატონი აღაპიშვილი არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და მას ფიზიკურად არ შეეძლო, რომც ყოფილიყო ამგვარი წინადადება ქალბატონი ნატალიას მხრიდანაც აბსურდია არათქმა უნდა, მას არანაირი ზემოქმედების საშუალება და ზემოქმედების საშუალება არ ჰქონდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხზეც საუბრობდა ქალბატონი აღაპიშვილი”,- ამბობს გიორგი მახარაძე.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოგვიანებით, 24 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share