იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „რეინჯერსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ხვჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ იგებს.
სპალეტი პრესკონფერენციაზე საკმაოდ კრიტიკული იყო და თქვა, რომ თუ „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელები თავის საქმეს კარგად ვერ გააკეთებენ, კვარაცხელია თამაშში ბურთს ორჯერ შეეხება.
„თქვენ ამბობთ მასზე, რომ ძლიერია, ძლიერია, ძლიერია, მაგრამ შემდეგ, როცა მეკარესთან ორ მეტრში რჩება, კარში ურტყამს, როდესაც იქვე თავისუფალი თანაგუნდელი ჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ეუბნებით, რომ ძლიერი ხარ, გოლი უნდა გაიტანო, მაგრამ ასე არ არის, ასე არ არის. არჩევანი უნდა გააკეთოს მსგავს მომენტებში, თუ თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, პასი უნდა მისცეს. ნდომბელეს გოლი ვინ გაიტანა? ანგისამ გაიტანა, სწორედ მისი დამსახურებაა ნდომბელეს გოლი. რა თქმა უნდა, კვარას დღესაც ჰქონდა 2-3 აღმაფრენა და ჯარიმით რომ არ გაეჩერებინათ, კარამდე მივიდოდა, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ სწორი გამოსავალი უნდა მოძებნოს და დაცვით ფაზაშიც ითამაშოს.
ამ საღამოს პოლიტანომ 2-3 70-მეტრიანი გარბენი გააკეთა დაცვაში ბურთის დასაბრუნებლად და დაცვის დასახმარებლად, მერე პენალტი დაარტყა, რომელიც ჩვეულებრივი პენალტი არ იყო, სუპერპენალტი იყო, იქიდან გამომდინარე, რაც მანამდე მოხდა და ძალიან კარგად შეასრულა. შევცვალე იმიტომ, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა, რადგან, როცა ასეთ თამაშში იგებ, არ შეიძლება მოედანზე დატოვო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ყვითელი ბარათი აქვს, თუმცა, მას კიდევ შეეძლო თამაში და ბრწყინვალედ ითამაშა. ყველა მოთამაშე განსაკუთრებულია, იმისთვის, რომ ძლიერი გუნდი გავხდეთ. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშს არ იგებს, თქვენთვის იგებს ერთი მოთამაშე, ჩვენთვის არა. თუ კიმი და რაჰმანი ვერ მოიგებენ დუელებს, მეორე სართულზე ბურთებს, თუ ლობოტკა და ანგისა ვერ გაათამაშებენ ნახევარდაცვაში, კვარაცხელია ბურთს თამაშში ორჯერ შეეხება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სხვების მუშაობაც. რა თქმა უნდა, ვისაც აქვს გამორჩეული ხარისხი, ტექნიკა, ატყუებს მეტოქეს და თამაშში შეაქვს ჯანსაღი სიგიჟე, ქმნის განსხვავებას, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანია და ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ მოიგებს“, – თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, „ნაპოლი“ კი ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს.
წყარო: worldsport.ge