„რუსეთი ტოვებს კავკასიას, ღვთის ნებით დარიალი ჩაიკეტება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარმა მოკავშირემ რუსეთმა, სომხეთი არსებულ დაპირისპირებაში მიატოვა და მარტო დატოვა.
გუბაზ სანიკიძის თქმით, რუსეთმა სომხებს ყარაბაღის ომი წააგებინა.
„დაიმახსოვრეთ ქართველებო – რუსეთი ტოვებს კავკასიას. ღვთის ნებით დარიალი ჩაიკეტება. ამის თქმის საფუძველს სომხეთში არსებული სიტუაცია მაძლევს. სომხეთი მიტოვებულ იქნა აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში კუხოს მიერ, გუშინ ფაშინიანმა თხოვნა გაუგზავნა ОДКБ-ს – ნული რეაქცია.
რუსეთმა მიატოვა თავისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე – სომხეთი. ეს ქართველებისთვის სანიმუშო უნდა იყოს, ვისაც ჯერ კიდევ უნდა რუსეთი. აი როგორ ექცევა ერთგულ მოკავშირეებს რუსეთი, ჯერ ყარაბაღის ომი წააგებინა და ახლა როცა აზერბაიჯანის არმია უშუალოდ მიმდგარია სომხეთის საზღვრებს, იქაც მიტოვებული იქნა“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სომხეთი რუსეთის მოკავშირეობამ დაღუპა.
ამასთან, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ არსებული კონფლიქტის ფონზე, საქართველოსტვის პოზიტიური პროცესები მიდის.
„სომხეთში მოხდება ერთი რამ, სხვა გამოსავალი აღარ არის. სომხეთი ან აღიარებს ყარაბაღს, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიას და ამით გაითავისუფლებს თავს რუსეთისგან ან არადა სომხეთს ემუქრება სამოკავშირეო ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციაში შესვლა, თუმცა არც ეს არ მოხდება – ისინი არიან მიტოვებული. კავკასიის მთავარი საყრდენი, სტრატეგიული მოკავშირე სომხეთი მიტოვებულ იქნა რუსეთიდან და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი გამოვიდეს კუხოდან.
კავკასიის ქედს გადაღმა თუ ბრუნდება რუსეთი ჩვენ ეს გვაწყობს? – გვაწყობს. სომხეთის მოწყვეტა რუსეთზე ნიშნავს, რომ საყრდენი სამხრეთ კავკასიაში რუსეთს აღარ ექნება და რუსეთი გადავა კარიბჭის გადაღმა, რაც, რა თქმა უნა, პოზიტიურია.
დროზე გამოცვალეთ ძვირფასო სომხებო მოკავშირე, არ გამოგადგათ ეს მოკავშირე ხომ უყურებთ! დაგღუპათ რუსეთის მოკავშირეობამ! რა თქმა უნდა, პოზიტიური პროცესები მიდის, სისხლიანი, მაგრამ ჩვენთვის პოზიტიური. თუ რუსებს არ უნდათ სახელმწიფო დაეშალოთ სასწრაფოდ უნდა მოაშორონ პუტინი. თუ პუტინი დარჩა რუსეთი ჩამოიშლება“, – აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ცნობისთვის, 13 სექტემბრის ღამეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.