შს მინისტრი ქუთაისში ამ დრომდე არ ჩასულა – 12 მძევალი შეიარაღებული თავდამსხმელის პირისპირ

ქუთაისში, სადაც  საქართველოს ბანკის ფილიალის შენობაში უკვე 4 საათია 12 მძევალი შეიარაღებული თავდამსხმელის პირისპირაა, შს მინისტრი ამ დრომდე არ ჩასულა. ჯერჯერობით უცნობია რას გეგმავს და გეგმავს თუ არა ადგილზე მისვლას ვახტანგ გომელაური.

ადგილზე ამ დროისათვის იმერეთის რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები იმყოფებიან, მობილიზებულია დამატებითი საპოლიციო ძალებიც.

შსს-მ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დილიდან 2 განცხადება გაავრცელა. ბოლო ინფორმაციით, უწყება ადასტურებს, რომ შენობაში 12 მძევალია.

თავდამსხმელი კი მოთხოვნებს აყენებს – ითხოვს 2 მილიონ აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის დროშასა და ანკესს. მან მოთხოვნების შესასრულებლად 3 საათი დააწესა.

ბანკიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი სამხედრო ფორმაშია, ნიღაბი უკეთია და წებოვანი ლენტებით აქვს დამაგრებული ე.წ. ლიმონკები. ასევე, კადრებში ჩანს, რომ სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული, ბანკის შესასვლელ კარზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share