რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.
მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.
დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად არიან რეზერვში და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებისადმი დღეს დილით გავრცელებულ მიმართვაში.
მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
„ვსაუბრობთ უცილებელ, გადაუდებელ ნაბიჯებზე რუსეთის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენი თანამემამულეების სურვილისა და ნების მხარდაჭერაზე, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და დასავლური ელიტების ნაწილის აგრესიულ პოლიტიკაზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი დომინირება და ამისათვის ცდილობენ დაბლოკონ განვითარების სუვერენული დამოუკიდებელი ცენტრები, რათა გააგრძელონ თავიანთი ნების უხეში დაწესება სხვა ქვეყნებსა და ხალხებზე“, – აღნიშნა პუტინმა.