ირანში, ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებული ქალის სიკვდილმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
უკვე მეექვსე დღეა ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები იმართება.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა, ბოლო ცნობებით, პოლიციამ აქციის კიდევ ორი მონაწილე მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა. მედიის ცნობით, დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე, სულ 7 ადამიანი დაიღუპა.
გასულ ღამეს კი, ირანის ქალაქ სარიში ჰიჯაბის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ქალებმა თავსაბურავები საჯაროდ დაწვეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანან პროტესტის მონაწილე ქალები, რომლებიც ცეკვავენ, თავსაბურავებს კოცონზე წვავენ და სკანდირებენ: „სიკვდილი დიქტატორს“.
შეგახსენებთ, ქვეყანაში დემონსტრაციები მეექვსე დღეა გრძელდება.
პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია.
ის 13 სექტემბერს „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავა. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალი გასულ პარასკევს გარდაიცვალა.