“მე და ჩემმა ოჯახმა მთელი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია”-გამყრელიძე

მე და ჩემმა შვილებმა ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად იყო თანამდებობის დატოვების მიზეზი, რიგ პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში მისი შვილის კრიტიკული პოზიციები.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ის წასვლის მიზეზებზე ამ ეტაპზე გულწრფელად ვერ ისაუბრებს.

„გასაგებია, რომ პრესას ყოველთვის სკანდალური ინფორმაცია აინტერესებს. ამის აპელირება ხდება ხოლმე. ალბათ, არ არის ამის დრო, რომ სრულად გულწრფელად მოგახსენოთ წასვლის მიზეზი…

გულახდილად რომ გითხრათ, უკვე ასაკის გამო მე ამას ვფიქრობდი, მაგრამ დაახლოებით ორი-სამი წლის შემდეგ, როცა მეტად განვავითარებდი/ბოლომდე მივიყვანდი ორ დიდ ეროვნულ პროექტს, რაზეც ბევრს ვფიქრობდი პანდემიამდე. მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ასეა ნათქვამი ხომ? თქვენს რამდენიმე კითხვას რომ დაესვას წერტილი გეტყვით, რომ არც მე, არც ჩემს შვილებს და მთლიანად ოჯახს არავითარი პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონია და არ აქვს. მთელი ჩვენი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურებით, მის განვითარებასა და წინსვლას და გეტყვით, რომ პატარა წვლილი შეგვაქვს. ასე გავიზარდე მე და ასე გავზარდე ჩემი შვილები. ჩვენი ორიენტაცია, ჩვენი კრედო არასდროს დაგვიმალავს არც მე და არც ჩემს შვილებს. ჩვენი ცხოვრება მივუძღვენით იმას, რომ საქართველო ვნახოთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, ქვეყანას ჰქონდეს ევროპული ორიენტაცია, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამაში გასაკვირია არაფერი უნდა იყოს, რადგან ასე ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობის 85%. ასევე დავამატებ, რომ მე მქონდა პოლიტიკური თანამდებობა, რომელიც დავტოვე 2004 წელს და პოლიტიკაში არაფერს ვგეგმავ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას, გამყრელიძის თქმით, დაპირისპირებული არავისთან არ ყოფილა.

„მე არავისთან დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, იერარქიას ყოველთვის ვიცავ და ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვქონდა და ვფიქრობ, გვაქვს. საკოორდინაციო საბჭოზე ზოგიერთ საკითხზე წევრებს შორის შესაძლებელია ყოფილიყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველაფერი წყდებოდა კონსენსუსის წესით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძე.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, ამირან გამყრელიძის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული პირველი ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share