რა იყო, ქალბატონო რიმა, ახლა აღარ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილი?-ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ წევრს რიმა ბერაძეს, მას შემდეგ რაც სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადების ჩანაწერი წარმოადგინა, სადაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს უსმენენ.
დავით კირკიტაძემ სოციალურ პრობლემებზე საუბრისას მობილური ტელეფონით წარმოადგინა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.
„ძალიან რთულია, ამას სჭირდება მოსამზადებელი პერიოდი. ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი“- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ვიდეო-ჩანაწერში.
ვიდეო-ჩანაწერის წარდგენის შემდეგ დავით კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, რიმა ბერაძეს მიმართა.
„ახლა აღარა მოგწონთ ხომ ბიძინა ივანიშვილი? ეს სიტყვები, ქალბატონო რიმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა 2012 წელს“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
„ქალბატონო რიმა, გულწრფელად გამიკვირდა, ახლა აღარ მოგწონთ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები? ეს სიტყვები, რომელიც მოგასმენინეთ და შეგახსენეთ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა 2012 წლის 24 დეკემბერს. დღეს, რომელი წელია ქალბატონო რიმა? რით ვეღარ დადგა ის მეოთხე სანუკვარი წელი, რომელსაც გვპირდებოდა და საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო საქართველოს მოქალაქეს, ყველას. რით ვერ გავიდა ეს მეოთხე წელიწადი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.