“არანაირი შეხება არ გვაქვს ნაგომართან და ჩოხატაური – ოზურგეთის დამავშირებელ გზასთან. იქ სხვა კომპანია მუშაობს და არა ჩვენ. ჩვენ ვმუშაობთ სოფელ სილაურში და ამ სოფელთან მილიონიანი მემორანდუმი გვაქვს. მუნიციპალიტეტთან და სოფელთან, სადაც გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეხლა ველოდებით ასფალტის ქარხნის მონტაჟს, რომ დავიწყოთ ასფალტის ფენის გადაგება”
განაცხადა მდინარე სუფსაზე ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, აკაკი წითლიძემ, “გურიის მოამბესთან” საუბრისას, ამავე მედიასაშუალებაში გასული მასალის კომენტირებისას, რომელიც იმ საფრთხეებს შეეხებოდა რასაც ოზურგეთის ჩოხატაურის ავტომაგისტრალს, სოფელ ნაგომრის მონაკვეთზე, მდინარე სუფსა უქმნის, იქვე, იმავე მდინარეში უკანონოდ წარმოებული ინერტული მასალების მოპოვების გამო.
წითლიძე ჩოჩიასთან კონტაქტსაც უარყოფს და აცხადებს რომ, მას ჩოჩიასთან არანაირი შეხება არ აქვს და მისთვის გაუგებარია საიდან მოდის ეს ბრალდებები.
გთავაზობთ მასალას
წითლიძემ და ჩოჩიამ შესაძლოა ჩოხატაური და ოზურგეთი დამაკავშირებელი გზის გარეშე დატოვონ
გურიაში, მდინარე სუფსაზე გაჩაღებული ქვიშა ხრეში უკანონოდ მომპოვებელმა მაგნატებმა, წითლიძემ და ჩოჩიამ, შესაძლოა გურიის ორი მუნიციპალიტეტი – ჩოხატაური და ოზურგეთი ერთმანეთთან დამაკავშირებელი თითქმის ერთადერთი საავტომობილო გზის გარეშე დატოვონ.
საუბარია, ოზურგეთი- ჩოხატაურის ავტომაგისტრალის ნაგომრის მონაკვეთზე, სადაც ყველაზე დრამატული სიტუაციაა, რადგან მდინარე სუფსა პრობლემებს ჩვეულებრივი წვიმების დროსაც კი ქმნის, ხოლო გამუდმებული კოკისპირული წვიმის შედეგად უკვე ავტომაგისტრალზე გადადის და გზის სავალ ნაწილსაც კეტავს.
როგორც გვატყობინებენ პრობლემებს ადგილზე ქვიშა ხრეშის უკანონოდ მოპოვება წარმოშობს, რის გამოც მდინარის კალაპოტი საავტომობილო გზასთან რამდენიმე მეტრშიც “მივიდა”.
ამ დროისათვის გურიაში ქვიშა ხრეშის უკანონოდ მოპოვებას, სოფელ მერიაში “ნალუთოს” გაჩერების შემდეგ, მხოლოდ წითლიძისა და ჩოჩიას კომპანიები ახორციელებენ.
ცნობისათვის, ჩოჩია საავტომობილო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია და ის არაოფიციალურად ფლობს ექსკლუზიურ უფლებას მშენებარე ავტობანზე დასაქმებული კომპანიების ინერტული მასალით მომარაგებაზე -ხოლო წითლიძე მისი წარმომადგენელია ადგილზე.
პარალელურად ჩოჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მოქმედი ასფალტ ბეტონის ქარხნის მეწილეცაა.
უფრო ადვილი რომ გახდეს ბატონი ჩოჩიას გავლენები, როგორც ვრცელდება ხმები, მან გურიიდან ქვიშა ხრეშის უკანონოდ მოპოვების ბიზნესიდან თვით ადიკო ივანიშვილიც კი გააძევა.
როგორც მათი გარემოცვიდან გვატყობინებენ, ამ ფაქტით ჩოჩია და წითლიძე საკუთარ გარემოცვაში (სუფრაზე) ამაყობენ კიდეც და ლექსიკაში ხშირად გამოიყენებენ ამ ფაქტს მაშინ, თუკი ვინმე “გაბედავს” და მათ უკანონო მოღვაწეობას გააპროტესტებს.
ამასობაში გურიაში მასობრივად მიმდინარე გამოსვლები, როცა მოსახლეობა ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებას აპროტესტებდა, ჩაცხრა.
საკმარისია სხვა ნებისმიერი კომპანია თუნდაც ლიცენზირებული, შევიდეს ამათუიმ წერტილში და დაიწყოს ინერტული მასალების მოპოვება, მაშინვე ამას საპროტესტო აქციები მოყვება, ხოლო ჩოჩიასა და წითლიძის საქმიანობას, რომელთა “დუეტმაც” გურიას უსერიოზულესი საფრთხე შეუქმნა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არავინ აპროტესტებს.
“გურიის მოამბე” აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს პერიოდში ვრცლად ვისაუბრებთ როგორც ამ ორ პიროვნების გავლენებზე, ასევე მათ საქმიანობაზე.