ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ამბობს, რომ დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის შემოსვლა საქართველოსთვის შეიძლება პრობლემა იყოს. იმავდროულად, მისი თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება რუს ოპოზიციონერებს და რეჟიმს გამოქცეულებს ნამდვილად უნდა ჰქონდეთ.
“მთავართან საუბრისას” იან კელი განმარტავს, როგორი წესი მოქმედებს შეერთებულ შტატებში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შემთხვევაში.
“ეს ნამდვილად შეშფოთების საგანია. რუსების შემოსვლა დიდი პრობლემა შეძლება იყოს. ჩვენ მაგალითად გვაქვს პროცედურა, როცა შშ-ში მოდიან რუსები, განვსაზღვროთ, რა არის მათი ვიზიტის მიზანი – ტურიზმი, სწავლა თუ რა. საქართველოსთვის, რომელსაც ბევრად ნაკლები მოსახლეობა ჰყავს, სხვა ეროვნებების შესვლა ამ რაოდენობით ნამდვილად არის შეშფოთების საგანი, ხოლო ის ადამიანები რომელსაც რუსეთში დევნიან და პოლიტიკური აქტივისტები არიან, უნდა შემოუშვან. მე ვიცი, რომ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს უარი ეთქვა შემოსვლაზე და არ მისცეს თავშესაფარი. ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა”, – ამბობს იან კელი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ლარსის საზღვართან კილომეტრიანი რიგებია. რუსები ცდილობენ ომში წასვლას თავი აარიდონ და სხვა ქვეყნებში გაიქცნენ.