პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს დემოკრატიის სპეციფიკური ხედვა აქვს და მას დემოკრატია უნდა როგორც ერთგვარი ფორმალობა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გია ნოდიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელისუფლების გარდა ოპოზიციაც, მედიაც და არასამთავრობო სექტორიც მისი მოსაწონი იყოს.
„პრაქტიკულად, მისი ოცნება არის ის, რომ ოპოზიციაც რაღაცნაირად გააკონტროლოს. ანუ, ერთის მხრივ, არსებობდეს ხელისუფლება, მეორეს მხრივ, არსებობდეს ოპოზიცია და თვითონ ღმერთივით ამათ თავზე ფარფატებდეს და ორივე რაღაცნაირად მისთვის მისაღები იყოს. მედიაც და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი მის შეხედულებებში ჯდებოდეს. ჩვენ გვახსოვს, როდესაც პრემიერი იყო, როგორ იბარებდა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე და იმის მაგივრად, რომ მათი შეკითხვებისთვის გაეცა პასუხი, უფრო ჭკუას არიგებდა. ანუ, როგორც ჩანს, ჰქონდა იმის იმედი, რომ ჭკუადარიგებული ჟურნალისტები მის ჭკუაზე გადავიდოდნენ. მას უნდა კონტროლი სრული, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების“, – განაცხადა გია ნოდიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.