ელენე ხოშტარია რაღაც ტიპის პერსონაჟად ჩამოყალიბდა, კეზერაშვილი კი მოლარედ დარჩა – თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა TV იმედის ეთერში.
“ალბათ სჯობს, რომ ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ თავის რუბლებს მიხედოს, რომელიც მას და მის ოჯახს რუსეთიდან ერიცხება. ქართულ პოლიტიკურ სცენაზე რაც მეტი სერიოზული და წონიანი ქალი პოლიტიკოსი იქნება, გულწრფელად ვამბობ, რომ მე შეიძლება მხოლოდ გამიხარდეს, რაც არ უნდა სხვა პარტიის წარმომადგენელი იყოს. მაგრამ, ფაქტია, რომ ხოშტარია პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა. ის მაქსიმუმ რაღაც ტიპის პერსონაჟად ჩამოყალიბდა. საზოგადოებას და მათ შორის მეც, გვაინტერესებს, ის საქართველოში ვის ინტერესებს ატარებს. ვინც ფულს უხდის? როგორც ირკვევა, მას დაფინანსების 2 წყარო აქვს. ერთი არის ოლიგარქი დავით კეზერაშვილი, ხოლო მეორე კი რუსეთი. მასთან მიმართებაში, ეს არის ასახსნელი. ამიტომ, ხოშტარია ქართულ ოცნებაზე რას ფიქრობს, საინტერესო არ არის.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილს. ის, როცა ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, მაშინ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და მოლარედ დარჩა. როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო მოლარე, როცა მას სრული გასაქანი ჰქონდა, ერთადერთი, რაც მან მოახერხა, იყო, რომ საკუთარი ქვეყნის ჯარი გაძარცვა. შემდეგ კი ეს ფული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა მას შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლების სატავეში მოსვლის დროს ქვეყანას გაერიდა”- თქვა წულუკიანმა.