რამდენით შემცირდება ზეთზე ფასი ოქტომბრიდან – „ალფა“

ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს.

საქართველოსთვის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ამჟამად ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს. ოქტომბრიდან კი საბაჟო გადასახადი საექსპორტო ზეთზე განულდება.

ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია ,,ალფას” დირექტორი ირაკლი ციხისთავი ,,ბიზნესპრესნიუსთან” აცხადებს, რომ ეს ფასის 10-15%-ით შემცირებას გამოიწვევს.

„რუსეთის მხრიდან უკვე დაანონსდა, რომ ოქტომბრიდან ზეთზე საბაჟო გადასახადი ნულოვანი იქნება. ცხადია, ეს გარემოება საქართველოზე აისახება. შედეგად, ზეთზე სავარაუდოდ, 10-15%-ით ფასის კლებას ველოდებით. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თავად ზეთის ღირებულებაც რუსეთში“, – განაცხადა ციხისთავმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, გადასახადების განულება საორიენტაციო ფასების შემცირებას უკავშირდება. ზეთის საორიენტაციო ფასებმა ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვით ადრე 1 583 დოლარი იყო. ტონა შროტზე ინდიკატორულმა ფასმა ერთი თვის წინანდელი 269,3 დოლარიდან 177 დოლარამდე დაიკლო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share