„რუსები 50-100 %-ით მეტის გადახდაზე არიან თანახმა, ოღონდ აქ ბინა იქირაონ“ – უძრავი ქონების აგენტი

მისი თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების დაქირავებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა და იმის გამო, რომ მათთვის მისაღებ ლოკაციებზე ბინები ნაკლებად იძებნება, თანახმა არიან კოლოსალური თანხებიც კი გადაიხადონ.

როგორც ტატო ტარიელაშვილი განმარტავს, ყველაზე მოთხოვნადი ძირითადად, ცენტრალური უბნებია. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ერთი დღიდან, 1 წლამდე პერიოდითაც კი ჯავშნიან.

„რუსების მხრიდან უძრავ ქონებაზე, როგორც ქირაობის, ისე ყიდვის კუთხით, ძალიან გაზრდილია მომართვიანობა. ძირთადად, მაინც ბინების ქირაობა უნდათ. შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ჩამოდის, 80% ქირით არის. ყველაზე ცოტა ერთი დღით, შემდეგ ერთი თვე და ყველაზე გრძელვადიანი, 1-წლიანი ჯავშნებია. იქიდანვე იწყებენ რეკვას და ბინების დაჯავშნას, ზარები რუსული ნომრებიდან შემოდის. ცოტა უნდობლობის მომენტიც აქვთ, როგორც თანხის გადმორიცხვის, ისე ადგილმდებარეობის გამოც, ზოგჯერ არ მოსწონთ ლოკაცია.

ვინც რუსეთიდან რეკავს ძირითადად ბინის დაქირავება უნდათ, მოკლე ან გრძელვადიანი პერიოდით. თუმცა, როდესაც უკვე ჩამოდიან, აქაურ ნომრებს ყიდულობენ, ვგულისხმობ იმას, რომ ქართული ნომრებიდან რეკავენ, მერე უფრო ყიდვაზე აქვთ აქცენტი.

რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ეს უფრო ქართველებისგან იციან, რომ ცენტრალური ადგილია ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა და ძირითადად ისინიც ამ უბნებს ითხოვენ.

არის შემთხვევები, რომ კოლოსალურ თანხებსაც კი იხდიან, თუ აწყობთ კონკრეტული ადგილი და ბინა. 50-100%-ით მეტის გადახდაზე არიან თანახმა, ოღონდ აქ ბინა იქირაონ“,- ამბობს ტატო ტარიელაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share