“ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ადასტურებს, რომ საქართველოში კონფლიქტის პროვოცირებით ერთადერთი რუსეთია დაინტერესებული და არა დასავლეთი”-დავით ბაქრაძე

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ადასტურებს, რომ საქართველოში კონფლიქტის პროვოცირებით ერთადერთი რუსეთია დაინტერესებული და არა დასავლეთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ბაქრაძის განცხადებაშია აღნიშნული.

“კატეგორიულად ვგმობ და გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიმაჩნია ბელორუსის დიქტატორი პრეზიდენტის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში „ვიზიტით“ ჩასვლა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ, ლუკაშენკოსვე აღიარებით, ეს ხდება რუსეთის პრეზიდენტის დავალებით და უკრაინაში ორგანიზებული უკანონო „რეფერენდუმების“ პარალელურად. სამწუხაროდ, სრულიად ნათელია, რომ ახლო მომავალში შესაძლოა განვითარდეს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის უაღრესად საშიში და პროვოკაციული პროცესები.

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არეულობისა და კონფლიქტის პროვოცირებით დაინტერესებული ერთადერთი მხარე რუსეთია, ხოლო ევროკავშირი და აშშ იყო და კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის დაცულობის, უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარების გარანტად. სწორედ ამიტომ არის მცდარი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა, რომლის მიზანიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში ომის გაჩაღების და დესტაბილიზაციის სურვილის დაბრალებაა.

ასევე ცხადია, რომ პრეზიდენტ პუტინის მაამებლური დაშოშმინების პოლიტიკა არანაირად არ ცვლის საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მის გეგმებს და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების გზა გადის მხოლოდ ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორც ეს მოხდა ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების შემთხვევაში.

ამ საფრთხეების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს ერთიანობის ჩვენება ქვეყნის ინტერესებისა და მისი უსაფრთხოების დასაცავად. ამიტომ, მიუხედავად ფუნდამენტური უთანხმოებებისა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის – ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დამოკიდებულების ნაწილში – მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ყველა იმ გადაწყვეტილებასა და ნაბიჯში, რომელიც რეალურად ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური ორიენტაციის დაცვას,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

ამასთან ბაქრაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი გვერდი სოციალურ ქსელში გატეხილია და ელოდება აღდგენას და ვერ გამოხატავს პოზიციას ამის გამო. კომენტარსაც ვერ აკეთებს, რადგან საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ პოზიციას წერილობითი ფორმით გამოხატავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share