აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ქართველ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს:
“მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამჟამად საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია პრაქტიკულად მკვდარია, არის კონტექსტის სწორად აღქმის შეუძლებლობა. ვერავინ მოახერხა ისეთი მესიჯების შექმნა, რომელიც გააქტიურებდა ამომრჩეველთა პასიურ, დაახლოებით 60% იან, არანაც-არაქოც სპექტრს. ამჟამად არ არსებობს არცერთი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ამომრჩეველთა ამ “საკონტროლო პაკეტს” შეძრავს. ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს წამყვან ჩინოვნიკებს ინტელექტის სერიოზული დეფიციტი აქვთ, დიდად არ აღელვებს ერს. ხალხს შეუძლია მშვიდად იძინოს ისეთ ქვეყანაში, რომლის უშიშროებაზე პასუხისმგებელი მავანი ინფუზორია იყო და კითხვაც არ უჩნდება, რომ იმ ინფუზორიის იმ ადგილზე დამნიშნავები და ყოფილი მეგობრები ისევ თავის ადგილებზე არიან.
ესეიგი, ამ მესიჯზე დროის კარგვას აზრი არა აქვს. ქართველს არ ეშინია კრებითი “ინფუზორიის” და კომფორტულად შეუძლია მისი ინტელექტის არეალში არსებობა.
-რუსეთი მტერია! – ვერც ეს მესიჯი შეიქმნა იმ საზოგადოებაში, სადაც გახურებული ომის დროს ვიღაც ქართველმა ბებიამ ჩამოგდებული რუსი მფრინავი შეიფარა და მერე სამშვიდობოზე გააცილა. უცნაური ხალხი ვართ ქართველები. ე.წ. გოსტაშაბიშვილის ფენომენი ჩვენთვის მშობლიურია. ამიტომ, არც რუს “ლტოლვილთა” ურდოებს მიიჩნევს მტრად ჩვენი ძვირფასი “საკონტროლო პაკეტი”. ხან რაზე ავიჩუყებთ გულს და ხან რაზე. თან ხომ ასეთი კეთილები ვართ, თან მაროდიორობის სულისკვეთებაც გვიღიტინებს და ბარემ ხელსაც ვითბობთ იმ ურდოების ყვლეფით. -ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო – ჩვენებური ანდაზაა. ასე რომ, ვერც ამ მესიჯით “ააგდებ” ერს.
-უნდა ვიაქტიუროთ, როცა მტერი შესუსტებულია – არც ეს გზავნილი მუშაობს.
-აქლემი ისე არ დავარდება, ვირის საპალნე ვერ აიკიდოსო – ესეც ქართული ანდაზაა. არ ჯობია იაპონიასავით სტრატეგიული მოთმინებით დაელოდო შენი ტერიტორიების დაბრუნებას? მითუმეტეს რომ მართლა არავინ არ იცის რა მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს პუტინი.
ასე რომ, პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი მესიჯი, პლატფორმა, რომელიც დღეს ქართველ ამომრჩეველთა “საკონტროლო პაკეტს” შეძრავს. ერთადერთი, რაც ყველას გააერთიანებდა, მწვავე ეგზისტენციალური კრიზისია, მაგრამ ასეთი კრიზისის გააზრება და მასზე პროტესტი გონიერ ადამიანებს შეუძლიათ და არა იმათ, ვინც მორჩილად დგანან კატასტროფულ საცობებში დავიწროებულ ქუჩებში და მოთმინებით ელიან თუ როდის “გაუფართოვებენ გვირაბს”.
ჰოდა, იმის თქმას ვცდილობდი … ნუ შეე… უიმასქენით ამ ოპოზიციას და მის ლიდერებს რა; მამაზეციერიც ვერ მოიფიქრებს ახლა ისეთ მესიჯს, ქართველი რომ ამოაგდოს შეჩვეული რუტინიდან”, – წერს გურული.