რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე სოციალურ ქსელში წერს:
“ესე იგი მთელი ხელისუფლება რომ დამწკრივდა და ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლას გმობს და ირაკლი ღარიბაშვილმა რომ იმდენი ქნა, აფხაზეთიც “რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად” მოიხსენია, ეგ კარგია მაგრამ რამდენადაც ადრე ასეთ რეაქციაში ეს ხელისუფლება, რბილად რომვთქვა, ნაკლებად ყოფილა შემჩნეული, ბუნებრივია ისმის კითხვა, ახლა რა მოხდა?
ჩემი სუბიექტური აზრით ამჯერად ვფიქრობ ის ამბავია, რომ ბიძინა გაბრაზდა პირადად და უშუალოდ. მართლაცდა მისი ლოგიკით რა გამოდის? სანქციებს არ შევუერთდი, რუსეთის აუგად ხსენება ავუკრძალე გუნდის წევრებს, უკრაინის ხელისუფლებას ვაგინებ ომის დაწყების დღიდან, სპეციალური ოთხეული გამოვყავი ამერიკის საგინებლად და კიდევ მმართველი პარტიის თავმჯდომარე დავადე ზემოდან მეტი დამაჯერებლობისთვის, ბოლო-ბოლო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა ჩავაგდე და ყოველივე ამის გამო ლუკაშას აფხაზეთში გამოგზავნას ვიმსახურებდი შენგან ვლადიმიროვიჩ? მე მიკეთებ ამას? რაა ეს, რა კაცობაა?
ჰოდა ეგაა. რეაქციაც შესაბამისია”, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ბელორუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, რითიც საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.