94 წლის ასაკში მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე გარდაიცვალა, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჯიბსონ ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1957-1960 წლებში იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, 1962-1964წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილებისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი.
ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენები მოეწყო საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიასა და შვეიცარიაში; ავტორია ჟურნალ-გაზეთებში თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული წერილებისა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. არის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1956), ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ ლაურეატი (1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრიზის მფლობელი (1999). მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია. არის ღირსების ორდენოსანი.