„სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ისეთი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რომ წლების შემდეგ კიდევ აქვს ეფექტი მის ცხოვრებაზე“,- ამის შესახებ პარალმენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას.
„სააკაშვილი დესტრუქციული ძალაა. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საცხოვრისი, ქონება დაკარგა და იმაზე, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.
ადამიანების ცხედრები ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ მიტოვებული – ამ ვითარებასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი, უამრავი მშვიდობიანი მოსახლე არ გამოიყვანეს თავის დროზე ამ საბრძოლო მოქმედებებიდან და გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს – ამასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი. დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“,- განაცხადა ვოლსკიმ.