„დღეს 10 წელი გავიდა რაც საქართველოს მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არჩევნების გზით დაამარცხა მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმი, დაამარცხა და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება.
შეცვალა ხელისუფლება რომელმაც დაამყარა დიქტატურა: დევნიდა და ებრძოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, არბევდა და ანადგურებდა მისთვის მიუღებელ მედიას, ფაქტობრივად სრულად შეზღუდა სამოქალაქო სექტორი, წაართვა და მიისაკუთრა უამრავი ბიზნესი. 2005 წლიდან აქტიურად იბრძოდა მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ, იბრძოდა კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მოსახლეობას ებრძოდა ტერორით, დაპატიმრებით, ტყვიით: იჭერდა პოლიტიკურ ოპონენტებს და ბიზნესმენებს, აუპატიურებდა, აწამებდა და კლავდა ციხეში პატიმრებს, ქუჩაში ხვრეტდა ახალგაზრდებს, ებრძოდა დედა ეკლესიას და ყველაფერს ქართულს, სააკაშვილის სურვილების მიხედვით ცვლიდა კონსტიტუციას და კანონმდებლობას, აყალბებდა არჩევნებს და მიტაცებული ჰქონდა ხელისუფლება, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე.
ეს უთანასწორო და უიმედო ბრძოლა 2011 წლამდე გაგრძელდა და როცა ოპოზიცია იყო დასუსტებული, საზოგადოება დაშინებული და დაღლილი, სწორედ მაშინ გამოჩნდა იმედი, ადამიანი რომელმაც სასწორზე დადო საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე, შემოიკრიბა თანამოაზრეები და დაუპირისპირდა რეჟიმს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დაუბრუნა ხალხს იმედი და რწმენა რომ სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შიშველი ხელით, კალმითა და ბიულეტენითაც შეიძლებოდა, სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიბრუნა ხალხმა ძალაუფლება და გაიმარჯვა მოძალადე რეჟიმზე.
ამ გამარჯვებიდან 10 წელი გავიდა, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების 10 წელი, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების 10 წელი, დემოკრატიის განვითარების და კონსოლიდაციის 10 წელი, ადამიანის უფლებების, ღირსების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის 10 წელი. ეს 10 წელი არ იყო იოლი, რადგან ამ წლებში ,,ნაციონალური მოძრაობა”, მისი კონტროლირებადი მედია და სამოქალაქო სექტორი, ახლა უკვე ოპოზიციიდან განაგრძობდა საქართველოს და ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ ბრძოლას, ბრძოლას დედა ეკლესიის, ტრადიციების, ღირებულებების და კულტურის წინააღმდეგ!
დღეს ყველანი უკვე სულ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, უამრავი წარმატების და პრობლემის მქონე ქვეყანაში, მაგრამ ყველა მოქალაქემ იცის რომ სწორედ ადამიანია უმთავრესი ღირებულება და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის! ყველას გილოცავთ თავისუფლების, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების 10 წელს!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე facebook-ზე.