ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ 9 თვეში 30 000 ლარი დახარჯა ძროხების გადადენვაში – ფაქტები ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა გაასაჯაროვა.
ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობს პროგრამა, რომელიც მსხვილფეხა, დაახლოებით 100 რქოსანი პირუტყვის ქალაქში უკონტროლო გადაადგილების აღკვეთას, მაწანწალა ძაღლების დაჭერას და თავშესაფარში გადაყვანას ითვალისწინებს, მერია კი ამაში 90 000 ლარის გადახდას გეგმავს. გთავაზობთ საკრებულოს დეპუტატის პოსტს უცვლელად:
”ოზურგეთის მერმა, აჩო თალაკვაძის ძმამ, 30 000 ლარი დახარჯა ძროხების გადადენვაში – 9 თვეში .
ბიუჯეტის წურბელები რომ არიან ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ თუ ვინმეს კიდევ კონკრეტული ფაქტი გინდათ ქურდობის, თავხედობის ეს ამბავია : პირველ ფოტოზე ხედავთ ბიუჯეტის ქვეპროგრამას, რომელშიც წერია, რომ 100 რქოსანი პირუტყვის უკონტროლო გადაადგილება უნდა აღკვეთოს ბატონი ავთანდილის დავალებით მერიამ. დავინტერესდი ამ პროგრამით, 90 000 ლარს რომ ვიხდით ხალხის ფულს ერთ წელში, თვენახევარი დამჭირდა, რომ პასუხი მიმეღო ჩემს შეკითხვაზე, ცოცხალი თავით არ (ვერ) მწერდნენ რამდენი ძროხა გადარეკეს და რა ბედია ეწია 90 000 ლარს… საბოლოოდ, გუშინ, 30 სექტემბერს მივიღე პასუხი, რომელსაც მეორე ფოტოზე ხედავთ.. 30 000 ლარი დავხარჯეთ უკვე ძროხების გადარეკვის მიმართულებითო. ელემენტარული მათემატიკური გამოთვლით, ლოგიკას რომ მივყვეთ ნახევარ წელზე მეტია გასული და 30 000 უკვე დახარჯეს, ანუ დაახლოებით ერთი ძროხის გადადენა ოზურგეთის მერიას მინიმუმ 500 ლარი უჯდება. მშვენიერი ვაკანსიაა მინდა გითხრათ – ამათ თუ დავუჯერებთ ერთი ძროხის გზიდან გადადენაში 500 ლარს გადაგიხდიან .
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ანუ ეს ახლა დაცინვა და ქურდობა არ არის? 30 000 ლარით რამდენი ადამიანისთვის შეიძლებოდა სიკეთის გაკეთება? რამდენ პენსიონერს გაუხარებდით გულს, რამდენს მედიკამენტით დავეხმარებოდთ … რამდენ ბავშვის გახარებაა შესაძლებელი 30 000 ლარით და ამ დროს თალაკვაძეები ძროხის გადენვაში იხდიან ხალხის ფულს” – წერს ნიკოლაშვილი.