რუსთაველის თეატრში ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის თეატრში ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
🔹 მომღერალთა გვარისა და ოჯახის წარმომადგენელი, ცნობილი ლოტბარისა და შემსრულებლის ილარიონ სიხარულიძის ვაჟი, ტრისტან სიხარულიძე, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე ქართული ფოლკლორული (გურული) სიმღერის გამორჩეული ოსტატი და შეუდარებელი იმპროვიზატორია. იგი 1965-1966 წლებში ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, დაარსების დღიდან კი, ლეგენდარული „შვიდკაცას“ განუმეორებელი მეორე ხმა (წყება) და ოზურგეთის ბიჭუნათა ანსამბლ „კრიმანჭულის“ ლოტბარი გახლდათ.
🔹 ტრისტან სიხარულიძემ მოიძია და აღადგინა გურული სიმღერები და მათი ვარიანტები. ხელმძღვანელობდა ფოლკლორულ გუნდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელთა შორისაა იუნესკოს ეგიდით ოზურგეთში დაარსებული გურული სიმღერა-გალობისა და კრიმანჭულის შემსწავლელი სკოლა. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად ჩაწერილი აქვს საეტაპო მნიშვნელობის სიმღერები. 2000 წელს, ანზორ ერქომაიშვილთან და გური სიხარულიძესთან ერთად ჩაწერა მუსიკალური ალბომი „ჩვენ მშვიდობა“, რომელშიც 26 გურული სიმღერაა შესული. ასევე, ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით, გური სიხარულიძესა და ოთარ ბერძენიშვილთან ერთად გამოსცა გურული სიმღერების სასწავლო ალბომი. ამჟამად მომღერალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კონსულტანტია.
🔹 ის გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი და ფოლკლორის ეროვნული პრემიის პირველი ლაურეატი. ღვაწლმოსილი ლოტბარი ფონდმა ,,ქართულმა გალობამ” 2013 წელს ,,ქართული ფოლკლორის მოამაგის” ტიტულითა და სპეციალური პრემიით დააჯილდოვა; ამასთან, გამოსცა ანზორ ერქომაიშვილის მონოგრაფია ,,გური და ტრისტან სიხარულიძეები”.
🔹 საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share