ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვა გამჭვირვალედ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ის პირები, რომლებიც ოლიგარქების სიაში მოხვდებიან.
„საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით უნდა მოხდეს საკითხის განხილვა. უნდა მოხდეს შესაბამისი კრიტერიუმების განხილვა, შესაბამის პირებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განხილვა და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ის პირები, ვინც აკმაყოფილებენ ამ პირობებს და როგორ იქნებიან ეს ადამიანები ოლიგარქების რეესტრში შეყვანილი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ საქართველოს პარლამენტში.
ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, ფაქტებით და ოპოზიციის განცხადებებითვე იმჩნევენ, რომ შეიძლება იქნენ ოლიგარქებად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.