“ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს”- ვახტანგ მეგრელიშვილი

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალიან დამაზიანებელი იქნება – ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან ივანიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას მართავს, ის ოლიგარქი არ არის.

„ამ საკითხთან მიმართებით აქ არის პატარა გაუგებრობა, ჩვენ ეს საკითხი ისეთი გაგებით, როგორც უკრაინას ეხებოდა, არ გვეხება. ჩვენ გვაქვს საერთოდ სხვა პრობლემა – სისტემაში ვერტიკალის ერთ ადამიანზე დამოკიდებულების პრობლემა და აქ არაფერ შუაშია ამ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ღიად ვთქვათ, რა პრობლემა გვჭირს, ეს კონკრეტული კანონი ადამიანის უფლებების შემზღუდველია, არათუ არ დაგვეხმარება, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ პირიქით – ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელიც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. თუ მართლა გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს,“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share