ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე. ამის შესახებ მიშელმა 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნას, რომელიც ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებას და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, თანამეგობრობის მიზანი ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება, პოლიტიკური დიალოგისა და საერთო ინტერესებზე თანამშრომლობის ხელშეწყობა იქნება.
“სხვადასხვა შეხვედრის დროს, რომლებიც დაგეგმილია, გექნებათ შესაძლებლობა, განიხილოთ ისეთი თემები, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა, ენერგეტიკა და კლიმატი, მიგრაცია და მობილურობა. უკრაინაში მიმდინარე ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას”. – წერს მიშელი.