არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენასთან დაკავშირებით ოპოზიციის „ყველა წინადადება „ფეიკია““.
„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმიტომ, რომ ეს რეალობა არ არსებკობს, ეს მოცემულობა არ არსებობს, შესაბამისად, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა. ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს.
არის სხვა კრიტერიუმებიც, აფინანსებს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას? – არ აფინანსებს, შესაბამისად მტკიცებულებაც არ არსებობს და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანს უწოდო, არა მხოლოდ კანონით, ზეპირადაც კი, ოლიგარქი, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ოლიგარქი და „ფეიკი“ რომაა მათი ყველა წინადადება ამასთან დაკავშირებით და ებრძვიან პოლიტიკიდან უკვე დიდი ხსნის წასულ ადამიანს, აქედან აშკარავდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.