„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.
მისი განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას მართავს, ოლიგარქი არ არის.
„ამ საკითხთან მიმართებით აქ არის პატარა გაუგებრობა, ჩვენ ეს საკითხი ისეთი გაგებით, როგორც უკრაინას ეხებოდა, არ გვეხება. ჩვენ გვაქვს საერთოდ სხვა პრობლემა – სისტემაში ვერტიკალის ერთ ადამიანზე დამოკიდებულების პრობლემა და აქ არაფერ შუაშია ამ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა..
ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან.
რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელიც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის.
იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. თუ მართლა გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს,“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.