დეოლიგარქიზაცია უკრაინულად – რამდენად ერგება საქართველოს რეალობას?

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად რჩება. ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია “ქართული ოცნების” მიერ უკრაინული კანონის პირდაპირ თარგმნა და ქართულ რეალობასთან მორგების მცდელობა.

„ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს არგუმენტით, რომ უკრაინული კანონი მოწონებულია ევროკომისიის მიერ და შესაბამისად, ამ კანონის თარგმნით დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება საქართველოს შემთხვევაშიც. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს არ ითვალისწინებს და ის, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღადაც იქცეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი არ გადაეგზავნება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას და საქართველო უკრაინისთვის დაწერილ შეფასებებს დაელოდება.

  • რას გულისხმობს და ვის (არ ) შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინულიდან თარგმნილი კანონი?
  • როგორ გამოიყურება ოლიგარქიის უკრაინული საზომები საქართველოს რეალობაში?

„სწორებას ვაკეთებთ ევროპულ სტრუქტურებზე. თუკი მათი მხრიდან პრაქტიკულად მოწონებულ იქნა ეს [უკრაინული] მოდელი, მაშინ ლოგიკურია, რომ იგივე მოდელი პოზიტიურად უნდა იქნას შეფასებული ჩვენთან მიმართებაში… ამიტომ ჩვენ რაიმე ახალი კანონი არ შეგვიქმნია, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და იგივე პრინციპებზე დაფუძნებით უნდა დავაინიციროთ “, – უთხრა 3 ოქტომბერს ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია.

ჯგუფმა მორიგი სხდომა 3 ოქტომბერს გამართა და სწორედ ამ დღეს გამოაცხადა „ქართულმა ოცნებამაც“, რომ კანონპროექტი უკვე მზად არის შემდგომი პროცედურებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკრაინულ მოდელში, ასევე ქართულ თარგმანშიც ბევრი სამართლებრივი ხარვეზია“ და „დამატებითი მსჯელობები“ შესაძლებელი იქნება უკვე კომიტეტის ფორმატში.

ბრიფინგზე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ოლიგარქის განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონშია:

  • საუბარია მედიაგავლენაზე;
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე;
  • მონოპოლისტურ საქმიანობაზე;
  • კონკრეტული ოდენობის თანხაზე“.
უკრაინულისგან ქართულ ვარიანტს მხოლოდ ერთი ნიუანსი განასხვავებს: რადგანაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ე.წ. „ოლიგარქების რეესტრს“ შეადგენს არა მთავრობა, არამედ – პარლამენტთან არსებული სტრუქტურა.
უკრაინული მოდელის მიხედვით, ამა თუ იმ პირის ოლიგარქად აღიარება ევალება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსმინისტრთა კაბინეტისუსაფრთხოების სამსახურისეროვნული ბანკისა თუ ანტიმონოპოლიური სამსახურის წარდგინებით.

ვინ (არ) გამოდის ოლიგარქი საქართველოში?

ევროკომისიის რეკომენდაციების #5 პუნქტის [დეოლიგარქიზაცია] შესრულება „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე უკრაინული კანონის თარგმნით გადაწყვიტა და ასევე თავიდანვე ითქვა, რომ კანონი არავითარ შემთხვევაში არ შეეხებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს – ბიძინა ივანიშვილს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ივლისში, ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყებისას, აცხადებდნენ, რომ უკრაინული კანონის საზომებით, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდებოდნენ მათი პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთერთი მეწილე დავით კეზერაშვილი.

ბოლო დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ასევე „ნაციონალურ მოძრაობის“ გარშემო გაჩაღებული დისკუსიებისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილს „მოოლიგარქო“ უწოდა და ეს 21 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერშიც დაადასტურა. 24 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ დავით კეზერაშვილი „არაფორმალური გავლენის“ გამო მისი პარტიისთვის სახიფათოა.
29 სექტემბერს, დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ არასოდეს ჩარეულა არც მომავალში აპირებს ჩაერიოს პოლიტიკაში, აფინანსებს დამოუკიდებელ მედიას (ტელეკომპანია „ფორმულას“) და გვერდში უდგას ყველას „ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა“. გამოქვეყნებულ წერილში კეზერაშვილი ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს მოიხსენიებს.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია “ფორმულის” 51%-იანი წილის მესაკუთრესდავით კეზერაშვილსუზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯაპროკურატურა კეზერაშვილს ერთერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

კეზერაშვილი 3 ოქტომბერს ოხანაშვილმაც ახსენა. მან თქვა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის კრიტერიუმებს პასუხობენ „ [დავით] კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებითა და ოპოზიციის განცხადებებითვე მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად”.

ბიძინა ივანიშვილი?

„ქართული ოცნების“ იდეას, რომ უკრაინული კანონმდებლობა ეთარგმნა, თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილი და მათ შორის, ის საპარლამენტო პარტიებიც, რომლებიც ჩართული არიან „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.

მათი უმრავლესობის პოზიციაა, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კანონის მიღება საერთოდ არ არის საჭირო და რომ ევროკომისიის რეკომენდაციების დანარჩენი პუნქტების შესრულება თავისთავად უზრუნველყოფდა დეოლიგარქიზაციასაც.

გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკრაინული კანონის კოპირება საქართველოში ვერ შეასრულებს „რეალურ მიზანს“ და შესაძლოა „პოლიტიკურ ინსტრუმენტადაც“ იქცეს.

„მაგალითად, უკრაინული კანონით, [ოლიგარქის] ფინანსური შესაძლებლობების საზომია, ასე ვთქვათ, საარსებო მინიმუმის მილიონჯერ ოდენობა. ბოლოს, მერვე თვის [აგვისტოში – 246.8 ლარი] საარსებო მინიმუმი საქართველოში იყო 250 ლარამდე და შესაბამისად – 250 მილიონი ლარი გამოდის [ოლიგარქისთვის კანონით განსაზღვრული ფინანსური შესაძლებლობა]. ეს 10 მილიონი დოლარიც არ გამოდის და საქართველოში არაერთი ადამიანი იქნება ამ ზღვარზე, თავისი აქტივების ოდენობით“, – ეუბნება დაუშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი განმარტებით, საქართველოს სინამდვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, კანონს აკლია „ძირითადი კრიტერიუმი”:

„ჩვენ [სამუშაო ჯგუფში] ვითხოვდით, რომ ეს ყოფილიყო ერთ-ერთი კრიტერიუმი ოლიგარქის განსაზღვრაში, რომ თუკი პირი საკუთარი გარემოცვის წევრებს, პირდაპირ ან არაპირდაპირ მასთან დაკავშირებულ პირებს ნიშნავს მაღალ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თანამდებობებზე, ის ოლიგარქად ჩაითვალოს… ოლიგარქია მდიდარი ადამიანი, რომელსაც ფორმალურ ნაწილში არ გააჩნია პასუხისმგებლობა, მაგრამ სახელისუფლებო, სამთავრობო, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა აქვს, ანდა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდებით, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია“.

„ქართული ოცნება“ კატეგორიულად გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. „ოცნება“ ივანიშვილს ქვეყნის მოამაგედ, ქველმოქმედად და მეცენატად განიხილავს და აცხადებს, რომ ევროკავშირთან მნიშვნელოვანი დაახლოებაც სწორედ მისი დამსახურებაა.

ოპონენტები ხშირად ახსენებენ „ქართულ ოცნებას“, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში ერთადერთ ოლიგარქად სწორედ ბიძინა ივანიშვილია დასახელებული; ხოლო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მიერ წარმოდგენილი ფორმულის მიხედვით, – დეოლიგარქიზაცია უდრის დებიძინიზაციას .

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ამ დოკუმენტის დეტალებისა და წარდგენის ვადების დადგენა ვერ მოვახერხეთ. როგორც პარტიის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა უთხრა 3 ოქტომბერს ჟურნალისტებს, „არსებული რეალობიდან უნდა გამოვიდეთ“, რადგან „უკრაინაში ხელისუფლებაში არ არის ოლიგარქიული გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პარტია, ხოლო საქართველოში, პირიქით – ოლიგარქი მართავს მმართველ პარტიას და მისი დამფუძნებელიც არის და მასთან დაახლოებული და მომუშავე პირები არიან მთელ რიგ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე“.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში ჩართული კიდევ ერთი პარტიის, „გირჩი“-ს დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ უკრაინულ კანონს ბოლომდე გაიტანს, თუკი ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვდება. მისი შეფასებით, „ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, რომ გვეთქვა – დავივიწყოთ ეს დეოლიგარქიზაციის პუნქტი საერთოდ, შევასრულოთ რეკომენდაციის სხვა პუნქტები და ესეც შესრულდებოდა თავისთავად“.

დეპუტატ რაქვიაშვილს არ ესმის, როგორ უნდა ჩაიწეროს კანონპროექტში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კრიტერიუმები, რომლებზეც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობს.

„მე რომ ვიყო ბიძინა ივანიშვილი, ვინ დაადგენდა ჩემთან დაახლოებულები არიან თუ არა კონკრეტული პირები ანდა რა პრინციპით ახლობლობენ ჩემთან“, – ასეთია რაქვიაშვილის ხედვა.

მანამდე, დეოლიგარქიზაციის მისაღწევად, პარტია „გირჩმა“, „მოქალაქეებთან“ ერთად, წამოაყენა წინადადება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში.

 

კანონი და ვენეციის კომისიის შეფასება

დეოლიგარქიზაციის შესახებ მიღებული კანონი უკრაინას წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვალა ევროკომისიამ და 17 ივნისს, ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაციაც მისცა. მაგრამ ამავე დოკუმენტის თანახმად, უკრაინა უნდა დალოდებოდა ვენეციის კომისიის შეფასებას.

აპირებს თუ არა საქართველოც, რომ გაგზავნოს მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში?

მიხეილ დაუშვილმა გვითხრა, რომ ეს შეკითხვა მან 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზეც დასვა და მმართველი პარტიისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

ანრი ოხანაშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვენეციის კომისიაში კანონი უკრაინას აქვს გაგზავნილი და „რა დასკვნაც გაიცემა უკრაინულ მოდელზე, პრაქტიკულად იგივე იქნება უკრაინული მოდელის ქართულ ვერსიაზე“.

უკრაინაში მიღებული კანონის სრული სახელწოდებაა – კანონი „ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ ზეგავლენასთან“.
უკრაინული კანონის თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის პირი ოლიგარქად იქნეს აღიარებული, ის უნდა აკმაყოფილებდეს ოთხიდან სამ კრიტერიუმს: 1. მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვანი ზეგავლენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. საბოლოო ბენეფიციარობა ან ფლობა ბიზნესსუბიექტისა, რომელიც კანონის ამოქმედების დროისთვის არის ბაზრის მონოპოლისტი, ანდა უჭირავს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს, ან აძლიერებს ასეთ მდგომარეობას; 4. მისი ან მისი ბიზნესსუბიექტების აქტივების დადასტურებული ღირებულება აღემატება 1 მილიონ საარსებო მინიმუმს, რომელიც დადგენილია შრომისუნარიანი ადამიანებისთვის შესაბამისი წლის 1 იანვრისთვის. უკრაინაში 2021 წელს ეს მაჩვენებელი – 2.27 მილიარდ გრივნას (ამჟამინდელი კურსით – 173 496 100 ლარს) შეადგენდა.

დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის რადის მიერ დამტკიცებულ კანონს პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2021 წლის ნოემბერში, ომამდე 3 თვით ადრე, მოაწერა ხელი. ასამოქმედებლად განისაზღვრა 180 დღე და ახალი კანონი 2022 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში. უკრაინის მედიის ცნობით, პროცესები ომმა შეაფერხა.

არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის მიიღებს რუსეთთან სასტიკ, სისხლისმღვრელ ომში ჩართული უკრაინა ვენეციის კომისიის დასკვნას.

მიხეილ დაუშვილი ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავი აარიდა ზედმეტ პრობლემებს, რადგან ვენეციის კომისია, დასკვნის მომზადებამდე, ყველა ჩართულ მხარესთან გამართავდა კონსულტაციებს და უკრაინულიდან თარგმნილ, მაგრამ საქართველოდან მიღებულ კანონპროექტს სწორედ “საქართველოს სპეციფიკისა და კონტექსტის გათვალისწინებით განიხილავდა”.

წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების ბოლო ვადა იყო 5 ოქტომბერი და „ოცნება” აცხადებს, რომ ამ პირობას ასრულებს. კანონის საბოლოო დამტკიცების ვადად 29 ნოემბერი განისაზღვრა.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share