ქართული ოცნებიდან წასულ ივანიშვილის დეპუტატებს – მოძრაობა ხალხის ძალას მმართველი პარტიის კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა. სოზარ სუბარის თქმით, მოძრობას უერთდებიან დეპუტატები: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
“მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება სიდიდით მესამე პოლიტიკური ჯგუფი.
გარდა ამისა, მოძრაობას შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები – თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი”. – თქვა სუბარმა.
მისივე თქმით, მოძრაობის ახალმა წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ სამთავრობო ტელევიზია POSTV-ის 52% შეიძინა და ეს გარემოება მათ ხელს შეუწყობს, რომ “სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ”.
28 ივნისს ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დატოვეს. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. მათი განცხადებით, მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, “რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს”. თუმცა, მათივე განმარტებით, “საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის” გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
დეპუტატებმა ქართული ოცნების დატოვების დღიდან დაიწყეს ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის მათი სამიზნეა საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც არაერთი წერილი მიუძღვნეს. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საელჩო ცდილობს, საქართველოში ომის მეორე ფრონტი გახსნას და რომ საელჩო ხელისუფლების გადასატრიალებლად “ყველაფერს იკადრებს“.
17 აგვისტოს მათ ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ქართული ოცნებისგან. 2 სექტემბერს კი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ოთხეულისგან გამიჯვნას შეეცადა და თქვა, რომ დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში.
18 სექტემბერს კელი დეგნანმა ასევე თქვა, რომ ვაშინგტონში ამერიკელი მაღალჩინოსნები კითხვებს სვამენ საქართველოში აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულების თეორების შესახებ და აინტერესებთ, რატომ არ ემიჯნება მთავრობა უფრო მკვეთრად დეზინფორმაციას.