სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აცხადებს, რომ “ემპათიას” მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის სპეციალისტებს – ერიკ გოლდსმიტს, ონდერ ოზქალიფჩს და შახინ ემანუილ ლახანს, 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.
უწყების ცნობით, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის შემთხვევაში სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. აღნიშნულ საკითხს უწყება ხელახლა პირველივე სხდომაზე განიხილავს.
“ცენტრმა ,,ემპათიამ“, 2022 წლის 6 ივნისს, მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის – ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის, საქართველოში, დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა. სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრ “ემპათიას”მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის სპეციალისტებს – ერიკ გოლდსმიტს სპეციალობაში “ფსიქიატრია”, ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში “სასამართლო მედიცინა” და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში “ნევროლოგია”, 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.
რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
2022 წლის 3 ოქტომბერს ცენტრ “ემპათიამ” ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე”, – წერს უწყება.
ცნობისთვის, უცხოელი სპეციალისტები საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდნენ.