“ქართული ოცნება” კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა. კერძოდ, “ქართული ოცნებიდან” გადავიდნენ დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია. შესაბამისად, “ხალხის ძალა” საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნებიდან” გასვლის მიუხედავად, ე.წ. ოთხეულის მსგავსად, მიქელაძეც, სეფაშვილიც, კაჭარავაც, ჯაფარიძეც და ბერაიაც საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან. ამასთან, დეპუტატების გარდა, მოძრაობას რამდენიმე ექსპერტი და ტელეკომპანია POS TV-ის რამდენი წამყვანი შეუერთდა, რომელთა შორის არიან თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი. ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალით” ბიძინა ივანიშვილი მომავალში “ქართული ოცნების” ჩანაცვლებას აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს გია ხუხაშვილს:
”პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს შიდაპარტიული ტაქტიკაა. გადაადგილება არ მომხდარა რამე წყენისა და დაპირისპირების გამო, ადასტურებენ კიდეც, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ.
ამომრჩევლის შენარჩუნება. “ქართულ ოცნებას” არ უნდა არანაირი ამომრჩევლის დაკარგვა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანტიდასავლური სეგმენტიც შეინარჩუნოს და – პროდასავლურიც. შესაბამისად, “ქართული ოცნება” ორ ფრონტზე იშლება, მაგრამ ორივე ბიძინა ივანიშვილის ფრთის ქვეშ რჩება. ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, სხვა ამოცანა ამ იწილო-ბიწილოს არ აქვს. იმდენად უხარისხოა ყველაფერი, იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ არც კი ვიცი, ვისი გაბრიყვება შეიძლება.
ეს ხალხი იმ ფლანგზე ჯდება, სადაც ისედაც იყო ალტინფო და “პატრიოტთა ალიანსი”. ივანიშვილმა მათ ფლანგზე დესანტივით გადასხა ახალი ხუთეული, ახლა ერთობლივი ძალისხმევით შეიწოვენ ევროსკეპტიკურად განწყობილ სეგმენტს, “ქართული ოცნება” კი გააგრძელებს გაუგებარ თამაშს. რიტორიკის დონეზე პროდასვლელებად გაასაღებენ თავს, მაგრამ რეალურად ამ ხალხის გვერდით იქნებიან. შიდაპოლიტიკური თამაშია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ორად გაიყოფიან, სამად თუ ოთხად, ყველა მაინც ერთი ქუდის ქვეშ თამაშობს.
”ქართულ ოცნებას” ბოლომდე არ სჯერა, რომ ამ ომს უკრაინა მოიგებს. მას მოსკოვის მიმართ შიშებიც აქვს და ვალდებულებებიც. ვერ გადაუწყვეტია, რა ქნას, აღარ შეუძლია, დაიღალა ამდენი მანევრირებით და ბალანსირებით. ამიტომაც გაყო ორ ფრონტად თავისი ხალხი და ახლა ასე ეცდება ელასტიკურობის შენარჩუნებას. ორ სკამზე უნდა ჯდომა, ორივე სკამი ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ რა ქნას, ის ამაში ხედავს გამოსავალს.
კვირის პალიტრა