ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო კურორტ ურეკის 2 ჰექტრამდე მიწას აუქციონზე გაიტანს.
ამის შესახებ, ოზურგეთის ვიცე მერმა, გიორგი ღურჯუმელიძემ, დღეს, ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განაცხადა და შესაბამისი პროექტიც წარმოადგინა.
ოპოზიცია კატეგორიული წინააღმდეგია აღნიშნული მიწის ნაკვეთის, ამ სახით აუქციონზე გამოტანის და შესაბამისად გასხვისების. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი მცდელობაა, მიიტაცოს კურორტ ურეკის, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტყე-პარკი და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი.
ოპოზიციის ლიდერი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ოზურგეთის საკრებულოს, დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ საკრებულო კონკრეტული ოლიგარქის დავალებას ასრულებს და ამ დავალების შესრულების შედეგად, ურეკის ეს ტერიტორია, უნიკალური ბიჭვინთის ფიჭვისა და სხვა მნიშვნელოვანი წიწვოვანი ხე-მცენარეების გარეშე დარჩება.
“ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს საკრებულოზე ამ საკითხის გამოტანას და საკრებულოს ადანაშაულებს, კონკრეტული ოლიგარქის ინტერესების გატარებაში.